ირაკლი თოდუა - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ჩემპიონატისთვის სრულყოფილად მოვემზადოთ #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ნაკრების წევრმა, ირაკლი თოდუამ მოახლოებულ სანაკრებო ამხანაგურ შეხვედრებზე კომენტარი საქართველოს პირველ არხთან გააკეთა და ამ მატჩების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„უკვე წლებია, ჩვენ საქართველო გვიყურებს და ფუტსალის ნაკრები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს სახელი ევროპაში და არა მხოლოდ ევროპაში გავიტანოთ. ამჟამად უკვე აქტიურად ვემზადებით და ეს ეტაპი გენერალური რეპეტიციაა ერთ თვეში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის“, – ამბობს ირაკლი თოდუა.
საქართველოს ფუტსალის ნაკრების მოთამაშემ მეტოქეებიდან სერბეთი გამოარჩია:
„სერბეთი საკმაოდ ძლიერი ნაკრებია, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდია და ჩვენს ძალებს გამოცდით. ისინიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან და საინტერესო თამაშები იქნება. ყირგიზეთის ნაკრებს რაც შეეხება, მათაც პირველად ვხდებით, თუმცა ამ გუნდზე სერბეთთან შედარებით ნაკლები ინფორმაცია გვაქვს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შედეგთან ერთად ჩვენი მინუსები და პლუსები უკეთ გამოჩნდეს და ევროპის ჩემპიონატისთვის სრულყოფილად მზად ვიყოთ“.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ფარგლებში ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. 16 და 18 დეკემბერს, ჩვენი მეტოქე უეფა-ს რეიტინგში მეექვსე პოზიციაზე მყოფი სერბეთი იქნება, ხოლო 21 და 22 დეკემბერს – ყირგიზეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით.