ირაკლი შოთაძე - გენერალურ პროკურორს სრული უფლება აქვს, კერძო შეხვედრები აწარმოოს, თუ ეს სამსახურებრივ საქმიანობას არ ეხება
ირაკლი შოთაძე - გენერალურ პროკურორს სრული უფლება აქვს, კერძო შეხვედრები აწარმოოს, თუ ეს სამსახურებრივ საქმიანობას არ ეხება

გენერალურ პროკურორს სრული უფლება აქვს, კერძო შეხვედრები აწარმოოს, თუ ეს შეხვედრები სამსახურებრივ საქმიანობას არ ეხება, – ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატმა, ირაკლი შოთაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსმენის დროს განაცხადა.​

„რამდენიმე კითხვა იყო შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში შედგა. ამ შეხვედრაზე საპროკურორო საბჭოს ფარგლებში საკმაოდ დეტალურად ვისაუბრე. ჩემი პასუხები, საკმაოდ ვრცლად, მასმედიის თითქმის ყველა საშუალებით გავრცელდა. ვისაც კითხვები აქვს ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, შეუძლია, ეს კიდევ ერთხელ მოისმინოს.

ერთადერთი კუთხით განვმეორდები, რომ მთავარ პროკურორს, გენერალურ პროკურორს სრული უფლება აქვს, კერძო შეხვედრები აწარმოოს, როდესაც ეს შეხვედრები არ ეხება მის სამსახურებრივ საქმიანობას, არ არის დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეებთან. ეს არის გენერალური პროკურორის, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებები. ამ უფლებებს ვერავინ შეზღუდავს. თუ თქვენ, დეპუტატები ფიქრობთ, რომ პროკურორს არ უნდა ჰქონდეს ამის შესაძლებლობა, მაშინ ეს საკანონმდებლო დონეზე უნდა აისახოს“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში გამართულ შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა და საუბრებში მონაწილეობა არ მიუღია, რასაც მონაწილე მხარეებიც დაადასტურებენ.

„არ მახსოვს, ხაზარაძის სასარგებლო რა ვთქვი ამ შეხვედრაზე, მაგრამ როგორც მახსოვს, საერთოდ არ ჩავრეულვარ საუბარში. რამე ისეთი რომ ყოფილიყო ამ შეხვედრაზე, რომელიც მაფიქრებინებდა, რომ ეს ეწინააღმდეგება პროკურორის ეთიკას, ამ შეხვედრას დავტოვებდი. მსგავსი არაფერი ყოფილა. არანაირი ქმედება არ განმიხორციელებია, არც ვერბალური და არც არავერბალური, ზეწოლა არ განმიხორციელებია და არ მიმიღია დისკუსიაში მონაწილეობა“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.