ირაკლი შოთაძე - გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან ჩემ მიმართ ბევრი ცრუ ბრალდება მომდინარეობს, თუმცა ეს ყველაფერი არის მოტივატორი, საქმე უფრო კარგად ვაკეთო
ირაკლი შოთაძე - გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან ჩემ მიმართ ბევრი ცრუ ბრალდება მომდინარეობს, თუმცა ეს ყველაფერი არის მოტივატორი, საქმე უფრო კარგად ვაკეთო

საპროკურორო საბჭო საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს უსმენს.

შოთაძემ საბჭოსთან გასაუბრების დროს პროკურატურის მიმართ გამოთქმულ კრიტიკასთან დაკავშირებით გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ზოგჯერ კრიტიკა ჯანსაღია, თუმცა ხშირ შემთხვევაში – სრულიად უსაფუძვლო.

„ზოგადად, ჩემთვის ძალიან კარგად გასაგებია ის ხშირი კრიტიკა, რომელიც ისმის ხოლმე პროკურატურის ან მისი ხელმძღვანელის მიმართ. შეიძლება ითქვას კიდეც, რომ მიმდინარე კრიტიკა ლოგიკურია არსებული გამოწვევების, მძიმე მემკვიდრეობის, ახალგაზრდა დემოკრატიის, საზოგადოებაში არსებული სამართლებრივი ცნობიერების დონის გათვალისწინებით. არის შემთხვევები, როდესაც კრიტიკა ჯანსაღია, გასათვალისწინებელია და შესაბამისად მისასალმებელია, თუმცა ხშირად ვხედავთ სრულიად უსაფუძვლო კრიტიკას, ბრალდებებს, რომლებსაც საფუძვლად არაფერი უდევს, გარდა პოლიტიკური მიზანშეწონილობისა, რომ გააკრიტიკო, როგორც იტყვიან ისროლო ტალახი და შემდეგ, ვისაც როგორც უნდა, ისე უმართლებია თავი“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ამასთან, შოთაძის თქმით, მის მიმართაც ესმის ბევრი ცრუ ბრალდება, რომელიც მომდინარეობს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან.

„ჩემ მიმართაც დღესაც მესმის ბევრი მსგავსი განცხადება, ბრალდება, რომელიც მომდინარეობს გარკვეული პოლიტიკური ჯგუფებისგან ან მათთან აფილირებული პირებისგან და ცალსახად წარმოადგენს სიცრუეს, პოლიტიკურ სპეკულაციას. თუმცა, პირადად ჩემთვის, ეს ყველაფერი არის მოტივატორი, რათა საქმე ვაკეთო უფრო კარგად, უფრო ხარისხიანად და ვემსახურო ჩემს ქვეყანასა და ხალხს“, – აღნიშნა ირაკლი შოთაძემ.

ირაკლი შოთაძე შეეხო პროკურორის და პროკურატურის როლს, და აქედან გამომდინარე, გენერალური პროკურორის არჩევის დღევანდელ საკანონმდებლო რეგულაციასაც, რომელსაც ასევე აკრიტიკებენ.

შოთაძე მიიჩნევს, რომ კრიტიკის უკან ცალსახად იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია.

„ამ ყველაფრის დაუსაბუთებლობის გათვალისწინებით, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ კრიტიკის უკან ცალსახად იკვეთება პოლიტიკური მოტივაცია, სურვილი იმისა, რომ გენერალური პროკურორის არჩევის ამ ახალ, მართლაც დემოკრატიულ პროცესს ჩრდილი მიადგეს და მოხდეს აღნიშნული პროცესის, მასში ჩართულ აქტორებთან ერთად მაქსიმალური დისკრედიტაცია. თუ გავიხსენებთ თუნდაც 2012 წელს  პროკურატურის ხელმძღვანელის დანიშვნის წესს, ასევე 2012 წლის შემდეგ დღემდე ჩატარებულ რეფორმებს პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის გაძლიერების გზაზე, განსაკუთრებით გასაოცარია ჩემი საპროკურორო საბჭოს კრიტიკა, რომლის საკანონმდებლო რეგულაციების დადგენის დროს გათვალისწინებული იქნა ვენეციის კომისიის ძალიან ბევრი რეკომენდაცია. ძალიან მარტივი მაგალითი შეიძლება იქნას მოყვანილი შედარებისთვის. მაგალითისთვის, 2012 წელს მთავარი პროკურატურა იყო იუსტიციის საქვეუწყებო დაწესებულება, 2020 წელს კი გენერალური პროკურატურა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთ სხვა უწყებას და თანამდებობის პირი სრულად დამოუკიდებელია აღმასრულებელი ხელისუფლებისგან. შესაბამისად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი გენერალური პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ხარისხი, ასევე გენერალური პროკურორის არჩევის წესის დემოკრატიულობის ხარისხი, რბილად რომ ვთქვათ, არაერთგზის მაღალია ძველ მოდელზე. ამდენად, საპროკურორო საბჭოს კრიტიკა არაფერია, თუ არა უსაფუძვლო პოლიტიკური სპეკულაცია“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შოთაძის განმარტებით, სამწუხაროა, რომ მსგავსი უსაფუძვლო კრიტიკა საჯაროდ გამოითქვა აღნიშნული საბჭოს ერთ-ერთ წევრ ოთარ კახიძის მხრიდან.

„ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პოლიტიკურ მოტივებს მისი მხრიდან, ხსენებული პროცესის მაქსიმალურად დისკრედიტაციის მიმართულებით“, – განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შეგახსენებთ, ირაკლი შოთაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2015 წლის 27 ნოემბრიდან იკავებდა. შოთაძემ მთავარი პროკურორის თანამდებობა 2018 წლის 31 მაისს დატოვა.

საპროკურორო საბჭოს წევრებმა კანდიდატებთან გასაუბრება გასულ კვირას დაიწყეს და უკვე 12 კანდიდატს მოუსმინეს.

დატოვე კომენტარი