ირაკლი შოთაძე - ჩვენი სისხლის სამართლის პოლიტიკა სრულად მორგებულია დაზარალებულების საუკეთესო ინტერესებზე, არც ერთი საქმე არ მთავრდება მათი ინფორმირების გარეშე
ირაკლი შოთაძე - ჩვენი სისხლის სამართლის პოლიტიკა სრულად მორგებულია დაზარალებულების საუკეთესო ინტერესებზე, არც ერთი საქმე არ მთავრდება მათი ინფორმირების გარეშე

საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მიზანი დაზარალებულების კმაყოფილების ზრდაა.

მისივე თქმით, გენერალური პროკურატურის სისხლის სამართლის პოლიტიკა სრულად მორგებულია დაზარალებულების საუკეთესო ინტერესებზე და არც ერთი სისხლის სამართლის საქმე არ მთავრდება დაზარალებულების ინფორმირების, მათთან კონსულტაციის გარეშე.

„ამ მიმართულებით ჩენ ვაგრძელებთ მუშაობას, რიგი გამოწვევების დასაძლევად საჭირო კონკრეტული მიზნები და გეგმები გაწერილია პროკურატურის ახალ 6-წლიან სტრატეგიაში“, –  განაცხადა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოსთვის საქართველოს პროკურატურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას.

ირაკლი შოთაძის თქმით, ასევე იგეგმება დაზარალებულებთან და განმცხადებლებთან პროკურორებისა და პროკურატურის მენეჯერების კომუნიკაციის ეფექტიანობის გაუმჯობესება.

„ამ მიმართულებით დაინერგება ფორმატი, რომლის ფარგლებშიც დაზარალებულებს, განმცხადებლებს ექნებათ პროკურორებთან და მენეჯერებთან როგორც უშუალოდ, ისე ონლაინ შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ამ ფორმატის ფარგლებში შეხვედრების შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში იქნება უშუალოდ ჩემთანაც“, – აღნიშნა გენერალურმა პროკურორმა.