ირაკლი სესიაშვილი - ვცდილობთ, კრემლს შევაგნებინოთ, რომ პოლიტიკა ერთია, მაგრამ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუფასებელია
ირაკლი სესიაშვილი - ვცდილობთ, კრემლს შევაგნებინოთ, რომ პოლიტიკა ერთია, მაგრამ ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე შეუფასებელია

ვხედავთ კრემლის  არასწორ, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო პოლიტიკას, რაც ყველასთვის მიუღებელია, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომლითაც ოკუპირებულ რაიონში ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვის შედეგად არსებულ ვითარებას გამოეხმაურა.

სესიაშვილის თქმით, საერთაშორისო საზოგადოების ერთიანი მიდგომაა, რომ ოკუპანტმა აბსოლუტურად მიუღებელი პროცესი უნდა შეწყვიტოს.

„ცხადია, ეს არადამიანური პოლიტიკა ოკუპაციის პირობებში, თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს უქმნის ძალიან სერიოზულ რისკს, მათ შორის ჯანმრთელობის მიმართულებით. არ აქვს მნიშვნელობა, ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, თუ მიმოსვლის პროცესშია. ამიტომ არის, რომ ჩვენ ერთი მხრივ ჩართული გვყავს მთელი საერთაშორისო საზოგადოება, ხოლო მეორე მხრივ, სხვადასხვა გზით ვცდილობთ, კრემლს შევაგნებინოთ, რომ პოლიტიკა ერთია, მაგრამ არიან ადამიანებიც, რომელთა ჯანმრთელობა, სიცოცხლე, შეუფასებელია, ფასი არ აქვს. ამიტომ, ამ ნაწილში მაინც შეძლონ და ადამიანობა გამოაჩინონ. დანარჩენი, თავისთავად ცხადია, ჩვენ ვხედავთ კრემლის აბსოლუტურად არასწორ, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო პოლიტიკას, რაც მიუღებელია ყველასთვის და ეს არა მარტო საქართველოში, არამედ – უკრაინაში და სხვა ქვეყნებში ჩანს. საერთაშორისო საზოგადოებას აქვს კონსოლიდირებული მიდგომა, რომ ოკუპანტმა უნდა შეწყვიტოს ეს აბსოლუტურად მიუღებელი პროცესი“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება ე.წ. საშვების გაცემის გაჭიანურების საკითხს, სესიაშვილი მას პროვოკაციის ნაწილად მიიჩნევს.

„დარწმუნებული ვარ, ყველა შესაბამისი სახელმწიფო ორგანო ამაში ჩართულია. ძალიან კარგად იციან სახელმწიფო ორგანოებმა, სად რა პრობლემაა. სხვადასხვა ფორმით ხდება მოქმედება და კომუნიკაცია, რომ ასეთი პრობლემები გადაიჭრას. გამოსავალი უპირველესად დეოკუპაციაა“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და დახმარებას სთხოვს. მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და იმ პრობლემებზე წერს, რაც ოკუპირებულ რაიონში ე.წ. გამშვები პუნქტების დაკეტვის შემდეგ შეიქმნა.

დატოვე კომენტარი