ირაკლი სესიაშვილი - უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის მონაწილეობით შესაძლოა, სახელისუფლო შტოებს შორის განაწილების პრინციპი დაირღვეს
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანო და იმისთვის იქმნება, რომ მოხდეს პრემიერის ინფორმირება, ასევე გადაწყვეტილებები მომზადდეს, რომელსაც მთავრობა იღებს,-ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივან დიმიტრი გაბუნიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობას თავისი კომპეტენცია აქვს, სადაც ჩარევა ძირითადი პრინციპების დარღვევას გამოიწვევს, თუმცა მთავარია, რომ პრეზიდენტი მუდმივად ინფორმირებული იყოს თავდაცვის საკითხებზე.
„როცა ამ საკითხებზე ვმსჯელობთ, სახელისუფლებო შტოების პრინციპები და კომპეტენცია უნდა გავითვალისწინოთ. პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია საომარი მოქმედებების დროს. მუდმივად არის და იქნება ინფორმირებული თავდაცვის ორგანიზების საკითხებზე, მას პირდაპირი კომუნიკაცია აქვს თავდაცვის მინისტრთან, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელთან, და პრემიერთან. ამიტომ, კანონით გათვალისწინებული რაიმე ფორმატის საჭიროებას ვერ ვხედავ. მათ შორის კომუნიკაცია არის არაჩვეულებრივი და შინაარსზე მორგებული.
ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არის პრემიერის სათათბირო ორგანო, რაც მთავრობის კომპეტენციაა და საბჭოს ფარგლებში არანაირი გადაწყვეტილება არ მიიღება. საბჭო იმისთვის იქმნება, რომ მოხდეს პრემიერის ინფორმირება და მეორე მხრივ, გადაწყვეტილებები მომზადდეს, რომელსაც მთავრობა იღებს. ანუ, მთავრობას თავისი კომპეტენცია აქვს, სადაც ჩარევა ძირითადი პრინციპების დარღვევას გამოიწვევს, თუმცა მთავარია, რომ პრეზიდენტი მუდმივად ინფორმირებული იყოს თავდაცვის საკითხებზე, ეს ასე არის. თუ საჭიროა დამატებით კომუნიკაციის შესაძლებლობების გაზრდა, ყველა მხარე მივესალმებით პროცესს.
რაიმე ისეთ გამოწვევას ვერ ვხედავ, რომ ამით ეროვნული და თავდაცვის ინტერესები დაზიანდეს. იქ, სადაც მთავრობაა, მთავრობის კომპეტენციებია, სადაც პრეზიდენტია, პრეზიდენტის კომპეტენციებია. პრეზიდენტი უმაღლესი მთავარსარდალია და სრულად ინფორმირებული იქნება თავდაცვის საკითხებზე, საფრთხეებთან მიმართებაში, რისთვისაც მას პირდაპირი კომუნიკაცია აქვს პრემიერთან, თავდაცვის მინისტრთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებთან. ჩემი პოზიციაა, რომ თუ პრემიერის სათათბირო ორგანოში დავინახავთ და წარმოვიდგენთ პარლამენტის ან პრეზიდენტის მონაწილეობას, ამით შეიძლება დავარღვიოთ სახელისუფლო შტოებს შორის განაწილების პრინციპი“,-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, დიმიტრი გაბუნიამ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტის მონაწილეობის საკითხზე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ირაკლი სესიაშვილთან დახურული შეხვედრა გამართა.
როგორც დიმიტრი გაბუნია აცხადებს, პრეზიდენტს საშუალება უნდა ჰქონდეს, მონაწილეობა მიიღოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში.