ირაკლი სესიაშვილი - ნდობის ჯგუფი დროებით არ მუშაობს
ირაკლი სესიაშვილი - ნდობის ჯგუფი დროებით არ მუშაობს

ნდობის ჯგუფი დროებით არ მუშაობს, – ამის შესახებ საკანონდებლო ორგანოს ბიუროს სხდომაზე, თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა. ნდობის ჯგუფი სწორედ აღნიშნული კომიტეტის ფარგლებშია შექმნილი.

მისი განმარტებით, ჯგუფი არ მუშაობს მას შემდეგ, რაც პარლამენტში უმცირესობა აღარ არის და დეპუტატმა, ეკა ბესელიამ უმრავლესობა დატოვა.

„მინდა, კოლეგებს და საზოგადოებას ვუთხრა, რომ ნდობის ჯგუფი დროებით არ მუშაობს, მას შემდეგ, რაც უმცირესობა აღარ არის პარლამენტში და ეკა ბესელიამ, რომელიც ნდობის ჯგუფის წევრი იყო,  უმრავლესობა დატოვა. ნდობის ჯგუფი ამ მიზეზით არ მუშაობს. რა თქმა უნდა, უმრავლესობას შეუძლია, დარჩენილ წევრებს შეუძლიათ, ჩაატარონ, მაგრამ ალბათ არ იქნება დემოკრატიის ადეკვატური ხარისხი, როდესაც მხოლოდ უმრავლესობის წარმომადგენლები ატარებენ ნდობის ჯგუფის შეხვედრას. ამიტომ მე, როგორც ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელს, შეჩერებული მქონდა ეს პროცესი“, – განაცხადა სესიაშვილმა.

დეპუტატი პარლამენტში მყოფ შესაბამის სუბიექტებს მოუწოდებს, ჯგუფის წევრობის კანდიდატურები წარადგინონ.

„შეიძლება ითქვას, რომ უმრავლესობამ თავიანთი კანდიდატურები წარმოადგინა. ამიტომ მინდა, მოვუწოდო პარლამენტში მყოფ შესაბამის სუბიექტებს, წარმოადგინონ კანდიდატურები, რომ პარლამენტის ამ ძალიან მნიშვნელოვანმა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმმა ადეკვატურად იმუშაოს. მინდა, მივმართო საპარლამენტო სუბიექტებს, ოპოზიციაში მყოფ ან დამოუკიდებელ დეპუტატებსაც, თავიანთი კანდიდატები წარმოადგინონ რეგლამენტის შესაბამისად, რომ ამ ძალიან მნიშვნელოვანმა ორგანომ მუშაობა და ფუნქციონირება შეძლოს“, – აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

დატოვე კომენტარი