ირაკლი სესიაშვილი - მარია ზახაროვას განცხადება არის კრემლის მიერ გაცხადებული არაადეკვატური პოლიტიკის გაგრძელება
ირაკლი სესიაშვილი - მარია ზახაროვას განცხადება არის კრემლის მიერ გაცხადებული არაადეკვატური პოლიტიკის გაგრძელება

მარია ზახაროვას განცხადება არის კრემლის მიერ უკვე გაცხადებული არაადეკვატური პოლიტიკის გაგრძელება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საქართველოს არავინ არსად ითრევს და ქართველი ხალხის სურვილია, გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი იქ, სადაც არის მშვიდობა, უსაფრთხოება, დაცულია დემოკრატია და ადამიანის უფლებები.

„ასევე, თუ ვსაუბრობთ მილიტარიზაციაზე და როგორც ზახაროვა ამბობს, რომ ხდება საქართველოსთვის ჭარბი იარაღის მიწოდება, ეს გარდა იმისა, რომ სიცრუეა და კრემლმა ძალიან კარგად იცის, რომ ასე არ არის. თუ სადმე ვსაუბრობთ მილიტარიზაციაზე, მილიტარიზებულია სამწუხაროდ, აფხაზეთი და ცხინვალი, სადაც რუსებს უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის დარღვევით აქვთ სამხედრო ბაზები და მათ შორის განთავსებული აქვთ იარაღი. ანუ აქ აჩენს კრემლი თავის რეალურ სახეს, რომ ამ შემთხვევაში, ეს ტერიტორიები სჭირდება სამხედრო ბაზებისთვის და თავისი სამხედრო კომპონენტის პოლიტიკური მიზნების გამოყენებისთვის. საქართველოს მილიტარიზაცია და ის, რომ ჩვენ სადღაც ომში უნდა ჩაგვითრიონ, რა თქმა უნდა, აბსურდია. კრემლი ძალიან კარგად ხვდება, რომ საქართველოს არც აქვს ამის შესაძლებლობა და არც არასდროს იფიქრებს რამე ტიპის ომზე რუსეთის წინააღმდეგ, არც სხვა მეზობლის წინააღმდეგ“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

მისი თქმით, კრემლმა იცის, რომ საქართველოს აქვს მშვიდობიანი პოლიტიკა.

„ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენ ქვეყანაში არსებული ძალები არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ, მაგრამ კრემლის ეს რიტორიკა უკავშირდება რუსეთის ე.წ. საკუთარი ინტერესების დაცვის პოლიტიკას, რას გულისხმობს, რომ რუსეთს არ უნდა, ნატო გაფართოვდეს . რა თქმა უნდა, ეს არის მისი მცდარი დამოკიდებულება სიტუაციის მიმართ, საერთაშორისო პოლიტიკური მოცემულობისთვის ნებისმიერ, ცივილიზებულ, ნორმალურ სახელმწიფოს უნდა აწყობდეს ძლიერი, ცივილიზებული მეზობელი,  მაგრამ ცივილიზებული გაწყობს, როცა თავად ხარ ცივილიზებული. როცა ავტოკრატიული მმართველობა გაქვს, თავისთავად ცხადია, შენ არა მარტო რამე ტიპის საფრთხეებს ხედავ მეზობელში, არამედ გაქვს პოლიტიკური საფრთხეებიც, რადგან დემოკრატია და კეთილდღეობა არის გადამდები“, – განაცხადა სესიაშვილმა.

ამასთან, მისი შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში ჩატარებული ვერც ერთი ე.წ. არჩევნები ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად.

„ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ პატივისცემასთან ერთად, მე ვიტყვი, რომ ვერანაირად ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად არჩევნები ვერც აფხაზეთში და ვერც ცხინვალში, რადგან ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული, გამოდევნილია მაგალითად აფხაზეთიდან 300 000 ქართველი და მაშინ არჩევნები, რომელსაც არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა და ეს არჩევნები ტარდება ძირძველი, ადგილობრივი მოსახლეობის გარეშე, ის დემოკრატიულად ვერ ჩაითვლება . ეს არის ჩვეულებრივი მცდელობა, რომ ე.წ. სახელმწიფოს ნიშნები ვინმეს დაანახონ. ამიტომ ცხადია, ამას არ აღიარებს არავინ,  გარდა რუსეთისა. რუსეთი ამას ეპოტინება და ცდილობს,  მაქსიმალურად დაარქვა ხან დემოკრატიული, ხან დამოუკიდებული. რაც არ უნდა დაარქვას და როგორც არ უნდა შეფუთოს, ვისაც არ უნდა აიძულოს, რომ აღიაროს ე.წ. დამოუკიდებლობა, ეს ვერანაირად ვერ მოხერხდება ერთი მარტივი მიზეზის გამო – საერთაშორისო სამართალი არის ძალიან მკაფიო ჩარჩო მსოფლიო წესრიგის.  საერთაშორისო სამართალი პირდაპირ გვეუბნება, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. ის არის ოკუპანტი. როცა ხარ ოკუპანტი ცხადია, იქ შიგნით, რამე ცხოვრებაზე ადეკვატური და რამე კორექტული შეფასება არის აზრს მოკლებული“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.