ირაკლი სესიაშვილი - გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს
ირაკლი სესიაშვილი - გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს

გიორგი გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, უმრავლესობის სრული მხარდაჭერა აქვს, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

როგორც ირაკლი სესიაშვილმა აღნიშნა, განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ უსაფრთხოების სისტემაში წარდგენილი არიან მინისტრობის ღირსეული კანდიდატები.

„გამორჩეული იყო ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა და რეფორმები. მივესალმები, რომ ლევან იზორია უსაფრთხოების სისტემაში დარჩება. იზორია გამორჩეული რეფორმატორი მინისტრი იყო. მისგან უსაფრთხოების სისტემაში ახალ რეფორმებს ველოდები.  მარაზმის სფეროა, როცა რაიმე ფორმით ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებს რუსეთთან აკავშირებენ, ეს ღალატის სახეა. ოპოზიციას ვურჩევ, ამ მიმართულებით დაფიქრდნენ. რაც შეეხება კანდიდატებს, არ მგონია ვინმე დაგვესახელებინა, ვინც დაიმსახურებდა ოპონენტების მოწონებას, ამას შეგუებულები ვართ. სამწუხაროდ, გვაქვს კონფრონტაციული პოლიტიკური პროცესი. ჩვენს ოპონენტებს ვიწრო პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ, ამიტომ არ ველოდებოდით, რომ მათ ვინმე მოეწონებოდათ“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია დღეს დაასახელა.