ირაკლი სესიაშვილი - ახალგაზრდებს თავისი ემოციური ფონი აქვთ, ოპოზიციის ნარატივი კი არის სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება
ირაკლი სესიაშვილი - ახალგაზრდებს თავისი ემოციური ფონი აქვთ, ოპოზიციის ნარატივი კი არის სახელმწიფო ინსტიტუტების შესუსტება

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ახალგაზრდებს ემოციური ფონი აქვთ, ოპოზიციის ნარატივი კი არის, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები შესუსტდეს და მათი პოლიტიკური მიზნების რეალიზაცია მოახდინონ.

ჟურნალისტებთან საუბარში ირაკლი სესიაშვილი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას არსებული ემოციური ფონის გამოყენება ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის სურს იმ ფონზე, როცა გამბედაობა არ ეყოთ, გუშინდელ ძალადობრივ მოწოდებაზე პასუხისმგებლობა აეღოთ და ბოდიში მაინც მოეხადათ.

„ამ ყველაფერს კანონიერი მიდგომა სჭირდება. ხვდებიან, რომ ქვეყანაში ძალადობით ვერაფერს შეცვლიან. თუ მათ სწორი, დემოკრატიული მიდგომა აქვთ პროცესების მიმართ, საპარლამენტო დარბაზი აქ არის. სამშაბათს სხდომა იქნება და ვთქვათ, ვის რა პოზიცია გვაქვს. ვხედავთ, რომ ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი გარეთ არის და მათი გამოხატვის თავისუფლებას პატივისცემით ვეპყრობით ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქისას. იმის განცდა არ მაქვს, რომ რაიმე ძალადობრივი მოწოდებები გაბედონ ოპოზიციონერებმა და რევანშისტებმა, მაგრამ გუშინდელ ძალადობრივ აქტზე სამართლებრივი შეფასება უნდა იყოს. ეს ქვეყანა და სახელმწიფო ინტერესები საერთოა და მონოპოლია არავის აქვს. ამ მიზნების მიღწევაში ერთად უნდა ვიდგეთ და არა ისე, რომ ვიღაცას პოლიტიკური მადა გაუღვივდება და ისე უნდა მოიქცეს, როგორც მას სურს”, – აღნიშნავს სესიაშვილი.

დეპუტატის თქმით, გუშინ, ოპოზიციის მხრიდან მოწოდებები და მოქმედებები იყო, რის შედეგადაც პოლიციელებზე რამდენიმე შეტევა განხორციელდა.

„სურვილი ჰქონდათ, პარლამენტში შეღწევის. თუ ძალადობას ემიჯნებოდნენ, მინიმუმ მოწოდება უნდა გაეკეთებინათ, რომ ძალადობრივი პროცესი შეეჩერებინათ. მათ არათუ ეს ნაბიჯი გადადგეს, არამედ დამატებით მოწოდებები იყო და ადგილზე მიატოვეს ეს ადამიანები თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ასეთი ქცევა სამარცხვინოა ყველასთვის. რუსეთთან მიმართებაში, სადაც ერთად უნდა მდგარიყავით, ეცადნენ, ემოციური ფონი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოეყენებინა”, – დასძინა სესიაშვილმა.