ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ საქართველოს მიმართ პატივისცემას საქმით ადასტურებს
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი აშშ საქართველოს მიმართ პატივისცემას საქმით ადასტურებს

სამხედრო სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა 12 მილიონი ლარი დაჯდა და ის აშშ-ის მთავრობამ სრულად დააფინანსა, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წეროვანში საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო ამერიკის მთავრობისა და ხალხის მადლიერია.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ამერიკის მთავრობასთან ერთად გავხსენით ძალიან მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო ცენტრი, რომელიც მოემსახურება ჩვენს გმირ სამხედროებს. აღნიშნული ცენტრის მშენებლობა დღეს დასრულდა, რომელიც საბოლოო ჯამში 12 მილიონი ლარი დაჯდა და აშშ-ის მთავრობამ სრულად დააფინანსა. მხოლოდ მილიონი ლარის კონტრიბუცია იყო ჩვენი სამინისტროს თანამონაწილეობა. ამ ცენტრის გახსნა ჩვენი სამხედროებისთვის ძალიან დადებითი მოვლენაა, რაც მნიშვნელოვანი და მთავარია, დღევანდელი დღე არის დამოკიდებულების ჩვენება ჩვენი გმირი სამხედროების მიმართ. ორმაგად სასიამოვნოა, რომ ამ დამოკიდებულებაში ჩვენ შემოგვიერთდა ამერიკის მთავრობა, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ნამდვილი მეგობარი, რომელიც თავისი საქმით ადასტურებს პატივისცემას ჩვენი ქვეყნის და ხალხის მიმართ. ჩვენ ანალოგიურად მადლიერები ვართ ამერიკის მთავრობის და ხალხის, რომლმაც ასეთი საჩუქარი გაუკეთა ჩვენს სამხედროებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აშშ-ის მთავრობის თანადაფინანსებით, დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეგიონში სრულიად უპრეცედენტო ცენტრი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სარეაბილიტაციო და სამედიცინო ტექნიკით, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას.