ირაკლი ქარსელაძე - სტიქიის ზონაში ინტენსიური სამძებრო სამუშაოები საკმაოდ დიდ მასივზე მიმდინარეობს, მობილიზებულია მაქსიმალური რაოდენობის ტექნიკა, უკვე 103 ერთეულზე გავედით
ირაკლი ქარსელაძე - სტიქიის ზონაში ინტენსიური სამძებრო სამუშაოები საკმაოდ დიდ მასივზე მიმდინარეობს, მობილიზებულია მაქსიმალური რაოდენობის ტექნიკა, უკვე 103 ერთეულზე გავედით

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ათ ლოკაციაზე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

მისივე თქმით, არეალის გაფართოებასთან ერთად, მობილიზებულია შესაბამისი რაოდენობის ტექნიკა.

„გრძელდება სამაშველო სამუშაოები, რომელიც ათ ლოკაციაზე ხორციელდება და ჩართულია ტექნიკა. ახალი მდებარეობა არის ალტერნატიულად გაჭრილი გზის მოპირდაპირე მხარეს, მდინარის მეორე ნაპირზე. საკმაოდ დიდ მასივზე მიმდინარეობს ინტენსიური შველა-ძიების სამუშაოები. მობილიზებულია მაქსიმალური რაოდენობის ტექნიკა. მძიმე ტექნიკის თვალსაზრისით, უკვე 103 ერთეულზე ვართ გასული, რაც შესაბამის ათ ლოკაციაზე არის გადანაწილებული. მაშველების ზედამხედველობით, მათი მითითებით ხდება შესაბამისი სამაშველო ოპერაციები, სიფრთხილით და ყველა საკითხის დაცვით, რაც სამაშველო სპეციფიკას უკავშირდება. აღნიშნული სამუშაოები გრძელდება. მოსალოდნელი მდებარეობების დამატების ფონზე, უკვე წინმსწრებად ვზრუნავთ იმაზე, რომ შესაბამისი ტექნიკა საჭირო რაოდენობით იყოს“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.