ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის კონკრეტული მონაკვეთები წელს გაიხსნება
ირაკლი ქარსელაძე - რიკოთის კონკრეტული მონაკვეთები წელს გაიხსნება

რიკოთის საუღელტეხილო გზის ისტორიული პროექტი გამორჩეულია როგორც მისი შინაარსით, ისე საინჟინრო გადაწყვეტებით, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, 52 კმ გზაზე 51 გვირაბისა და 97 ხიდის მშენებლობაა დაგეგმილი, საიდანაც სამუშაოები პარალელურად 88 ხიდსა და 48 გვირაბზე მიმდინარეობს. აქედან დასრულებულია და მოძრაობა გახსნილია ექვს ხიდზე, ხოლო 24 ხიდი აშენებულია. მოძრაობა გახსნილია სამ დასრულებულ გვირაბზეც, ხოლო 21 გვირაბი უკვე გაჭრილია.

„რიკოთის პირველი ორკილომეტრიანი მონაკვეთი 2021 წელს გავხსენით და ხელშეკრულების შესაბამისად, მისი დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა 2022-2023 წლებში ეტაპობრივად დასრულდება. კონკრეტული მონაკვეთების გახსნა წელსვე გვაქვს დაგეგმილი. რიკოთის მონაკვეთებიდან გამორჩეულად დაწინაურებულია ხევი-უბისას და უბისა-შორაპანის მონაკვეთები“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა ასევე ისაუბრა 2021 წელს განხორციელებულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ გასული წელი გამორჩეულად შედეგიანი იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის, მიმდინარეობდა 5 600 პროექტი, რომლებშიც 27 000 ადამიანი და 1 500 კომპანია იყო ჩართული.

როგორც მან აღნიშნა, შედეგად, 2021 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ორი მილიარდ 513.5 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდა, რაც 311.2 მილიონი ლარით ანუ 14 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ მაგისტრალური გზების მშენებლობა და საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარება სამინისტროს უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომლის ფარგლებშიც, 2021 წელს 6,5 მილიარდი ლარის 303 პროექტი მიმდინარეობდა, რომლებშიც 97 კომპანია, მათ შორის, 88 ქართული და ცხრა უცხოური კომპანია მონაწილეობდა.

„პანდემიის მიუხედავად, ქვეყანაში 70 კმ ახალი მაგისტრალური გზა გაიხსნა, რის შედეგადაც, თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობას, ხუთი საათის ნაცვლად, უკვე ოთხი საათი სჭირდება. აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ნახევარი უკვე აშენებულია – 219 კმ, ამჟამად კი 106 კმ მაგისტრალური გზის მშენებლობა მიმდინარეობს“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.