ირაკლი ქარსელაძე - პანდემიის მიუხედავად, გზების დეპარტამენტის 2020 წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა
ირაკლი ქარსელაძე - პანდემიის მიუხედავად, გზების დეპარტამენტის 2020 წლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა

საავტომობილო გზების ხელმძღვანელის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მიუხედავად პანდემიის გამო შექმნილი გამოწვევებისა, 2020 წელი გამორჩეული იყო.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, გეგმის შესაბამისად, აშენდა უპრეცენდენტო – 70 კმ. მაგისტრალური გზა. წლის განმავლობაში გაიხსნა ხაშურის შემოვლითი 13 კმ-იანი გზა, ქუთაისის შემოვლითი გზა და ასევე, ჯაპანა-ლანჩუთის 14 კმ-იანი მონაკვეთი.

„გრძელდება აქტიური სამუშაოები ყველა მაგისტრალურ პროექტზე, ეს სამუშაოები უკვე გათვალისწინებულია 2021 წლის ბიუჯეტშიც. 2020 წლის განმავლობაში განხორციელდა 570 კმ. გზის რეაბილიტაცია და პერიოდული შეკეთება. მიუხედევად პანდემიისა, რომლის პირობებშიც არც ერთი დღით არ შეჩერებულა სამუშაოები მაგისტრალურ და სისტემურ პროექტებზე. ინტენსიურად გრძელდება რიკოთის გზის პროექტი, ეს არის საუკუნის პროექტი, სადაც გათვალისწინებულია 51 კმ-ზე 53 გვირაბისა და 96 ხიდის მშენებლობა, ამ ეტაპზე, 39 გვირაბზე და 53 ხიდზე მიმდინარეობს მშენებლობა, აქედან ხუთი გვირაბი უკვე გაჭრილია. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ დაწინაურებულია, ცხადია უფრო მეტი პროგრესი გვქონდა გეგმაში, თუმცა პანდემიამ გარკვეული გავლენა იქონია, მიუხედავად ამისა სამუშაოები არ შეჩერებულა და 2021 წლისთვის ვფიქრობთ, რომ ბევრად უფრო ინტენსიური იქნება ეს სამუშაოები და პროექტისთვის გარდამტეხი. ასევე, გამოვყოფდი ქვეშეთი-კობის პროექტს, სადაც, 2020 წელს კოვიდის გამო სამობილიზაციო და სამშენებლო სამუშაოების დაწყება უფრო ოდნავ დაგვიანდა. თუმცა, ქვეშეთი-კობის გზის პროექტი შეიძლება ითქვას, რომ უკვე დაიწყო და 2021 წელი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ჩამოვა TBM-ის მანქანა, რომელმაც უნდა გაბურღოს 9 კმ-იანი გვირაბი. ეს გვირაბი ნამდვილად უპრეცედენტოა როგორც ჩვენთან, კავკასიის რეგიონში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით, არც ისე ბევრია ასეთი მასშტაბური გვირაბი და მათ შორის ნამდვილად ღირსეულ ადგილს დაიკავებს ქვეშთი-კობის გვირაბი. 2021 წელს გაგრძელდება მთის გზების პროექტი“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მისივე თქმით, 2021 წელსვე დასრულდება იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა-რეკონსტრუქცია.

„ასევე გაგრძელდება აქტიური სამუშაოები ბაღდათი-აბასთუმნის მიმართულებით. შატილის მიმართულებით გზის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია და 2021 წელს ხიდების რეაბილიტაცია დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ მთლიანად ჩვენს პროექტებში 10 000 კაცამდე იყო დასაქმებული 2020 წელს. აქედან ნახევარი მოდის მაგისტრალურ გზებზე, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კომპანიები არიან ჩართულები, საქართველოს მოქალაქეების დასაქმება არის მაღალი. 2021 წელს, ასევე ვიწყებთ სახელმწიფო დაფინანსებით კახეთის მიმართულებით პირველი 35 კმ-ს თბლისი-საგარჯოს გზის მშენებლობას, რაც ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა რაც ჩვენ რეგიონულ ჭრილში ქალაქების კუთხით განვახორციელეთ. ქუთაისში, ზუგდიდში და ფოთში ჯამში 113 ქუჩის რეაბილიტაცია განხორციელდება, საიდანაც 40 ქუჩის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია, ხოლო დანარჩენ მათგანზე სამუშაოები 2021 წელს დასრულდება“, – აცხადებს ქარსელაძე.

როგორც მან აღნიშნა, 1 მილიარდ 315 მილიონი ლარი იყო 2019 წლის დეკემბერში დამტკიცებული 2020 წლის ბიუჯეტი, ეს კოვიდამდე დამტკიცებული ბიუჯეტია და სწორედ ამ ციფრთან მიმართებაში უკვე 112%-ზე მეტია შესრულებული.

„ჩვენ ჯერ კიდევ კოვიდამდე დაგეგმილი ბიუჯეტი შევასრულეთ გადაჭარბებით, ბუნებრივია, წლის განმავლობაში კოვიდის გათვალისწინებით კორექტირება მოხდა და გადაჭარბება იქ პროცენტულად გაცილებით მეტია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ სწორედ ჩვენი მეცადინეობით, მაგისტრალური პროექტები არ შეჩერებულა და სხვა პროექტები ჩვენი კონტრაქტორების და საზედამხედველო კომპანიების მაღალი ჩართულობით შედეგის მომტანია. წლევანდელი შესრულება კიდევ უფრო დიდია ვიდრე 2019 წლის მაღალი მაჩვენებელი იყო, დაახლოებით 80-85 მილიონი ლარით მეტი შესრულდა წელს და 2021 წელი კიდევ უფრო მასშტაბური უნდა იყოს“, – აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.