ირაკლი ქარსელაძე - გზების დეპარტამენტმა ცხრა თვეში 640 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განახორციელა
ირაკლი ქარსელაძე - გზების დეპარტამენტმა ცხრა თვეში 640 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია განახორციელა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგა.

აღინიშნა, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში 640 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია-პერიოდული შეკეთების სამუშაოები განახორციელა, რაც, უწყების ინფორმაციით, წინა წლის მთლიან, წლიურ მაჩვენებელზე სამჯერ მეტია.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს სულ 313 ხელშეკრულება გაფორმდა, რომელთა ჯამური ღირებულება 725 მილიონი ლარია, ტენდერებისგან მიღებულმა ეკონომიამ კი 66,5 მილიონი ლარი შეადგინა.

„საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში 50-მდე ახალი კომპანია მონაწილეობდა. უახლოეს თვეებში გზების დეპარტამენტი არაერთი მნიშვნელოვანი რეაბილიტაციის პროექტის დაწყებას გეგმავს, მათ შორისაა: ჭიათურა-ზესტაფონის გზის 32 კილომეტრიანი მონაკვეთი, სენაკი-ზუგდიდის მიმართულებთ 18,5 კილომეტრიანი ცალკეული დაზიანებული მონაკვეთები, ოზურგეთი–ბჟუჟჰესი–გომისმთას საავტომობილო გზის მიმართულებით 20 კილომეტრიანი მონაკვეთი, ხიდისთავი-ატენის დამაკავშირებელი გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი, რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზის გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი, სამთაწყარო-საბათოლოს მიმართულებთ 13 კილომეტრიანი მონაკვეთი და სხვა. ამასთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების რაოდენობამ 54 ობიექტი შეადგინა, რომლის ჯამური საორიენტაციო ღირებულება დაახლოებით 200 მილიონი ლარია. პროექტების ფარგლებში მოხდება 220 კილომეტრამდე საავტომობილო გზის რეაბილიტაცია და ხუთი ხიდის მშენებლობა, მათ შორის: ქალაქ ქუთაისში ათი ქუჩისა და ქალაქ ზუგდიდში ცხრა ქუჩის რეაბილიტაცია. ასევე, 20-მდე სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ობიექტების რაოდენობა 35 პროექტს შეადგენს, რომლის ჯამური სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 190 კილომეტრამდეა და ჯამური საორიენტაციო ღირებულება 150 მილიონი ლარია”, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

ქარსელაძის ინფორმაციით, 2020 წელს დასრულდება ისეთი რეგიონული პროექტები, როგორიცაა ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის 25 კილომეტრიანი მონაკვეთი, თიანეთი-ახმეტის დამაკავშირებელი 28 კილომეტრიანი მონაკვეთი, ძეძილეთი-გორდი-ნოღას გზის 10 კილომეტრიანი მონაკვეთი, ხორნაბუჯი-ერისიმედის 21 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია და ბაკურციხე-გურჯაანის 15 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა.