ირაკლი ქარსელაძე - ეკონომიკური განვითარების კუთხით, წინა პერიოდისგან განსხვავებით, გაცილებით ჯანსაღი და პერსპექტიულია მომავალი
ირაკლი ქარსელაძე - ეკონომიკური განვითარების კუთხით, წინა პერიოდისგან განსხვავებით, გაცილებით ჯანსაღი და პერსპექტიულია მომავალი

ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი იმედის მომცემი 45%-მდე ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 8%-ზე მეტია კუმულატიური, ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი. ეს უპრეცედენტო შედეგია, რომელიც სწორად წარმართულმა პროცესებმა განაპირობა, – ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

„ეს შედეგები განაპირობა სტაბილურობამ, მათ შორის პოლიტიკურმა სტაბილურობამ, კანონის უზენაესობის დაცვამ და ყველა იმ გეგმაზომიერმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში სახეზე გვაქვს. ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, ბუნებრივია, ეს ნიშნავს მეტ შესაძლებლობას. ეკონომიკური ზრდა მნიშვნელოვანია იმ სუბიექტებისათვის, რომლებიც ჩართული არიან სხვადასხვა პროექტში, ისევე, როგორც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ინვესტორებისთვის. ზოგადად, გაცილებით ჯანსაღი და პერსპექტიულია მომავალი, განსხვავებით წინა პერიოდისგან – ვგულისხმობ 2020 წელს და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს“, – აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 44.8 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი 8.1 პროცენტია.