ირაკლი ქარსელაძე - ანაკლიამდე ახალი გზა რომ ავაშენოთ, პორტი უნდა არსებობდეს
ირაკლი ქარსელაძე - ანაკლიამდე ახალი გზა რომ ავაშენოთ, პორტი უნდა არსებობდეს

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, ანაკლიამდე ახალი რკინიგზისა და გზის მშენებლობა ამ ეტაპზე, დღის წესრიგში აღარ დგას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ განუცხადა.

„გზის და რკინიგზის მშენებლობა იყო ის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს კონკრეტულად ამ ხელშეკრულების შესაბამისად და ამ პორტისთვის უნდა აეშენებინა. პორტის გარეშე გზა უკვე არსებობს. უფრო მეტიც, 2018-2019 წლებში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელეთ არსებულ გზაზე და ანაკლიის მოსახლეობას გადაადგილების და კომუნიკაციის პრობლემა საერთოდ არ აქვს. წელსაც დაგეგმილი გვაქვს კიდევ ერთი მონაკვეთის რეაბილიტაცია ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე. შესაბამისად, აუცილებელია, არსებობდეს პორტი იმისთვის, რომ ავაშენოთ ახალი გზა. სხვა შემთხვევაში, კარგი გზა განმუხურის, ანაკლიის მოსახლეობისთვის უკვე არსებობს“, – აღნიშნა ქარსელაძემ.

მისივე ინფორმაციით, ანაკლიამდე ახალი გზისა და რკინიგზის პროექტი უკვე მზად არის და მისი ტექნიკური დამუშავება მიმდინარეობს.

„მშენებლობის საკითხი კი პირდაპირ კავშირშია ინტერესთა ახალ გამოხატვასთან, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ფარგლებში განხორციელდება“, – დასძინა ქარსელაძემ.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ მთავრობამ ხელშეკრულება 9 იანვარს შეწყვიტა.