ირაკლი ქარსელაძე - 2022 წელს პროექტები დასრულდა ქვეყნის 38 მდებარეობაზე, 140 000-ზე მეტი ბენეფიციარი უზრუნველყოფილია სტანდარტების შესაბამისი 24-საათიანი წყალმომარაგებით
ირაკლი ქარსელაძე - 2022 წელს პროექტები დასრულდა ქვეყნის 38 მდებარეობაზე, 140 000-ზე მეტი ბენეფიციარი უზრუნველყოფილია სტანდარტების შესაბამისი 24-საათიანი წყალმომარაგებით

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში სამინისტროს 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შარშან ამ მიმართულებით სამუშაოები ქვეყნის 200-ზე მეტ მდებარეობაზე მიმდინარეობდა.

მისი თქმით, ამავე წელს პროექტები დასრულდა ქვეყნის 38 მდებარეობაზე, რის შედეგადაც, 140 000-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე უზრუნველყოფილია სტანდარტების შესაბამისი 24-საათიანი წყალმომარაგებით, აქედან, 40 ათას ბენეფიციარს არასდროს ჰქონია წვდომა 24-საათიან ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების განვითარებისათვის პროექტები 2023 წელსაც აქტიურად გრძელდება. მიმდინარე პროექტებიდან სამუშაოები დასრულდება, სულ ცოტა, 60 მდებარეობაში, რომლის შედეგადაც 150 000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდება წყალმომარაგება, საიდანაც 60 000 ადამიანს აქამდე არასდროს ჰქონია წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე.

მისი თქმით, 2023 წელს დასასრულებელ პროექტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია აღინიშნოს წყალმომარაგების ქსელის მასშტაბური სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები შემდეგ რეგიონებში: გურია – ათი სოფელი; იმერეთი – დაბა ხარაგაული და ორი სოფელი; კახეთი – ქალაქი თელავი და დედოფლისწყარო და 35 სოფელი; მცხეთა-მთიანეთი – სამი სოფელი; სამეგრელო – ქალაქი ჯვარი; სამცხე-ჯავახეთი – დაბა ასპინძა და სამი სოფელი; ქვემო ქართლი – ქალაქი თეთრიწყარო და ოთხი სოფელი; შიდა ქართლი – დაბა მანგლისი. აქედან წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულდა შემდეგ მდებარეობებში: გურია – ორი სოფელი; იმერეთი – დაბა ხარაგაული და ორი სოფელი; კახეთი – ქალაქი თელავი და დედოფლისწყარო და 20 სოფელი; სამცხე-ჯავახეთი – დაბა ასპინძა და სამი სოფელი. ამ დროისათვის მიმდინარეობს სამი მილიარდი ლარის ღირებულების პროექტები 172 მდებარეობაში, საიდანაც 20 არის ქალაქი. ეს სამუშაოები მიმდინარეობს იმ გეგმის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქს უნდა ჰქონდეს 24-საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წლისთვის მთელი საქართველო უზრუნველყოფილი იყოს სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით.

ქარსელაძის განცხადებით, საკურორტო ზონების სამომავლო განვითარებასთან ერთად, მნიშვნელოვანია წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის შესაბამისი განვითარება. მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიანსა და გუდაურში მოსახლეობა უზრუნველყოფილია 24-საათიანი წყალმომარაგებით, კვლავაც მიმდინარეობს და დაპროცესებულია პროექტები ტურისტული ნაკადების ზრდის შესაბამისად. ბაკურიანში ამ ეტაპისთვის დაპროცესებულია 145 მილიონი ლარის ღირებულების წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტები, ხოლო გუდაურში მიმდინარეობს და დასრულების ეტაპზეა წყალარინების ქსელის, წყალარინების გამწმენდი ნაგებობისა და წყალმომარაგების სათავე ნაგებობებისა და რეზერვუარების სამშენებლო სამუშაოები. ეს სამუშაოები მიმდინარეობს სწორედ იმ გეგმის ფარგლებში, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის ბოლოსთვის ყველა ქალაქს უნდა ჰქონდეს 24-საათიანი წყალმომარაგება, ხოლო 2030 წლის ბოლოსთვის მთელი საქართველო უზრუნველყოფილი იყოს სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგებით.

„უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში ბევრი მდებარეობა ჯერ კიდევ წყალმომარაგებისა და წყალარინების გარეშეა. გაწეული დიდი სამუშაოსა და განხორციელებული პროექტების მიუხედავად, ეს ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება. პროექტების მიმდინარეობისას არის მათი შესრულების გაჭიანურების შემთხვევები. ზოგ შემთხვევაში კი, როდესაც უპასუხისმგებლო კონტრაქტორის გამო, პირგასამტეხლოს გამოყენების შემთხვევაშიც კი, შეუძლებელი ხდება პროექტის პროგრესის მიღწევა, იძულებული ვართ, მივმართოთ უკიდურეს ფორმას და შევწყვიტოთ ხელშეკრულებები. თუმცა, პარალელურად ვაცხადებთ ახალ ტენდერებს და ყველაფერს ვაკეთებთ პროექტების დროულად დასრულებისთვის. ასეთი შემთხვევების გამო არა მხოლოდ ისეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის განვითარება ფერხდება, როგორებიცაა წყალმომარაგება და წყალარინება, არამედ მიტოვებული სამუშაოები დიდ დისკომფორტსა და გარკვეული სახის გამოწვევებს უქმნის მოსახლეობას, მაგალითად, გადათხრილი ქუჩები, ტრანშეები, რისთისაც მათ ბოდიშს ვუხდით. რა თქმა უნდა, მაქსიმლურად ვცდილობთ ამ დისკომფორტის შემსუბუქებას და, დაწყებული აუცილებელი სამართლებრივი პროცესის პარალელურად, პროექტების დროულად განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ 2012 წლიდან დღემდე სახელმწიფოს მიერ წყალმომარაგების კომპანიისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი მზარდია და 34 მილიონი ლარიდან 2023 წელს საპროგნოზოდ 520 მილიონ ლარამდე გაიზარდა. 2022 წელს სახელმწიფოს მიერ შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ გამოყოფილი ფინანსური რესურსის ოდენობამ 445 მილიონი ლარი შეადგინა, რომელიც კომპანიამ 101 პროცენტით შეასრულა.