ირაკლი ქარქაშაძე - ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას ავიაკომპანია „პეგასუსი“ იწყებს
ირაკლი ქარქაშაძე - ქუთაისის აეროპორტში ოპერირებას ავიაკომპანია „პეგასუსი“ იწყებს

22 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირებას თურქული ავიაკომპანია „პეგასუსი“ დაიწყებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ხანგრძლივი და რთული მოლაპარაკებების საბოლოო ეტაპი, რომელიც ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო, ავიაკომპანიასთან წარმატებით დაასრულა.

„ერთობლივი ძალისხმევით კიდევ ერთი წარმატებული პროექტი დავასრულეთ. შედეგად, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია „პეგასუსი“ დეკემბრის ბოლოდან, კვირაში სამი სიხშირით, სტამბოლის მიმართულებით იფრენს. საბოლოო გადაწყვეტილება ავიაკომპანია Pegasus-მა სტამბულში, საავიაციო ფორუმის, Routes World-ის ფარგლებში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. სტამბული არის ახალი მიმართულება ქუთაისის აეროპორტისთვის, რომელიც ტრანზიტულ მგზავრებსაც მოემსახურა, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვართ, ძალიან წარმატებული იქნება და იმერეთის რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს, – განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

თურქული ავიაკომპანია „პეგასუსი“ ბაზარზე 1990 წლიდან ოპერირებს და ამ დროისთვის ფრენებს 50 ქვეყნის 130 მიმართულებით ახორციელებს. Pegasus-ი ფრენებს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან, წლებია, წარმატებით ასრულებს.

ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.