ირაკლი ქადაგიშვილი – საქართველოსთვის ბოლო ექვსი წელი გამორჩეულად რთული იყო, თუმცა ჩვენ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და განმტკიცება მოვახერხეთ
სამწუხაროდ, საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დემოკრატიული პროცესები დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ყოველთვის არ მიმდინარეობდა, გვახსოვს როგორც სამოქალაქო ომი, ასევე ფერადი რევოლუციების მთელი ტალღა. ფერადი რევოლუცია კი არის გარკვეული პროცესების არა წმინდა საარჩევნო გზით ცვლილება, არამედ რევოლუციური და გარედან ხელოვნურად შექმნილი სცენარებით მანიპულირება, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამის პირველი მცდელობა ე.წ. ვარდების რევოლუცია იყო.
„ამის შემდეგ ბევრს ისევ სურვილი გაუჩნდა, რომ მანიპულაციით და ჰიბრიდული ომის ტექნოლოგიების გამოყენებით საქართველოში არა დემოკრატიული არჩევნების შედეგები ყოფილიყო ქვეყნის განვითარების განმსაზღვრელი, არამედ ათასგვარი ფერადი რევოლუციის სცენარები ყოფილიყო გამოყენებული. ამისთვის სწორედ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს იყენებდნენ, რომელთა საქმიანობა სცდებოდა მათ მიერ დეკლარირებულ მიზნებს და ამა თუ იმ ფორმით გადადიოდა რევოლუციური პროცესების მომწიფებაში. ეს მჭიდროდ ინტეგრირებული იყო პოლიტიკურ პარტიებთან, რომელთა ხელისუფლებაში მოყვანაც იყო დაგეგმილი. ეს ყველაფერი იყო გარეთ დაწერილი სცენარის რეალიზაცია. ისინი ამ რეალიზაციის ინსტრუმენტები გახდნენ. ვისაც სურს, რომ სუვერენიტეტი შეინარჩუნოს, რა თქმა უნდა, ქვეყანა ვალდებულია, რომ გარედან დაკვეთილი გეგმების განხორციელება არ მოხდეს. ამას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზაც სჭირდება. საქართველოსთვის ბოლო ექვსი წელი გამორჩეულად რთული იყო, თუმცა ჩვენ ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და განმტკიცება მოვახერხეთ. ეს არის რეალური დემოკრატია და არა ჰიბრიდული ომების ტექნოლოგიებით შექმნილი „დემოკრატიული პროცესები““, – განაცხადა ქადაგიშვილმა.