ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტს შემოთავაზება თუ აქვს, წინასწარ ხდება საკითხის გავლა მთავრობასთან, შეთანხმება ის არ არის, მივდივარ, თვითმფრინავში ბენზინი ჩამისხით და მანქანები დამახვედრეთო
ირაკლი ქადაგიშვილი - პრეზიდენტს შემოთავაზება თუ აქვს, წინასწარ ხდება საკითხის გავლა მთავრობასთან, შეთანხმება ის არ არის, მივდივარ, თვითმფრინავში ბენზინი ჩამისხით და მანქანები დამახვედრეთო

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ჩარჩოებს უნდა დაუბრუნდეს, რადგან ის არის კონსტიტუციის გარანტი და მას პირველი თავად არღვევს. პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში თავის უფლებამოსილებას მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ გააჩნია ინტერესი, მთავრობის პოლიტიკის თანაზიარი იყოს და დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების ამბიცია აქვს.

„პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მას კონსტიტუცია არ ეხება, უფლება აქვს, კონსტიტუცია უხეშად დაარღვიოს და ამას იმით ამართლებს, რომ რაღაც დიადი მიზნები აქვს. ამ დამოკიდებულების გამო ეჭვი ჩნდება, რომ პრეზიდენტი ამ ყველაფერს აკეთებს, რათა რაღაც პოლიტიკა აწარმოოს, რომელიც შეთანხმებული არ არის მთავრობასთან. საქართველოს კონსტიტუციით მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს. პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს თავის უფლებამოსილებას, მაგრამ პრეზიდენტს ჰგონია, რომ დამოუკიდებლად უნდა მოიფიქროს რაღაც ვიზიტები და შემდეგ მთავრობამ, როგორც სამეურნეო მექანიზმმა, მისი ვოიაჟები უზრუნველყოს. დიდი ხანია, ვუყურებთ იმას, რომ პრეზიდენტი არ ატარებს პოლიტიკას, რაც კონსტიტუციით აქვს განსაზღვრული. თუ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თავისი რესურსი სასარგებლოა, მაშინ მთავრობასთან კონსულტაციას წინასწარ რატომ არ იწყებს – ამ მიმართულებით რაღაც წვლილის შეტანა შემიძლია და მთავრობის პოლიტიკაში ჩემი რესურსი გაითვალისწინეთო. ამას არ აკეთებს და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებს, რისი უფლებაც კონსტიტუციით არ აქვს.

მთავრობას ეუბნება, ან დამეთანხმე, ან თავად ვიმოქმედებო. დიდი ხანია, ვხედავთ, რომ პრეზიდენტის განცხადებები ერთი ერთში ემთხვევა ოპოზიციის გარკვეულ განცხადებებს, მათ შორისაა განცხადება – სტატუსს მთავრობა არ იმსახურებს, ხალხი იმსახურებსო. მას არ აქვს ინტერესი, რომ მთავრობის პოლიტიკის თანაზიარი იყოს, დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების ამბიცია აქვს, რისი უფლებაც კონსტიტუციით არ გააჩნია. პრეზიდენტი გერმანიაშია ვიზიტით და წარმოგიდგენიათ, რომ გერმანიის პრეზიდენტი საზღვარგარეთ თავისი ინიციატივით გაემგზავროს? თუ მთავრობა არ დაავალებს, საგარეო ვიზიტს არ განახორციელებს. დიდი ხანია, ნარატივს ამკვიდრებენ, რომ საქართველო სტატუსს თუ მიიღებს, არაფერ შუაში იქნება მთავრობა, ეს ხალხისა და ოპოზიციის დამსახურება იქნება. სამწუხაროდ, ამ ნარატივის განვითარებას ხელს უწყობს პრეზიდენტიც. ისეთი ქვეყანაც კი, როგორიცაა ინგლისი, სადაც სახელმწიფოს მეთაური მეფეა და ასწლოვანი ტრადიცია აქვს, მეფე-დედოფალიც კი არ აძლევდნენ თავს უფლებას, მთავრობის გარეშე აქტიური საგარეო აქტივობა გაეტარებინათ. პრეზიდენტის ტექსტები აცდენილია მთავრობის პოლიტიკას. როცა ვიზიტი იგეგმება, საგარეო უწყება უგეგმავს თუ ვინ? მთელი კონსტიტუციური მოწყობის აღრევასთან გვაქვს საქმე. მთავრობა წყვეტს, მას სჭირდება თუ არა პრეზიდენტის დახმარება ამა თუ იმ პოლიტიკურ საკითხებში. სალომე ზურაბიშვილი ნებართვას მიიღებს, თუ ეს მთავრობასთან იქნება შეთანხმებული.

პრეზიდენტი საკონსტიტუციო ჩარჩოებს უნდა დაუბრუნდეს, რადგან ის არის კონსტიტუციის გარანტი და თავად არღვევს პირველი. შეთანხმება ის კი არ არის, მივდივარ, თვითმფრინავში ბენზინი ჩამისხით და მანქანები დამახვედრეთო, შეთანხმებაა ის, რაც ევროპულ საპარლამენტო რესპუბლიკებში ხდება – როცა მთავრობა განსაზღვრავს მთლიანად საგარეო პოლიტიკას, მასში პრეზიდენტის ჩართულობა განპირობებულია მთავრობის სურვილიდან გამომდინარე და თუ პრეზიდენტს გარკვეული შემოთავაზება აქვს, წინასწარ ხდება ამ საკითხის გავლა მთავრობასთან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, შეხვედრები კანდიდატის სტატუსს უკავშირდება. მოგვიანებით საქართველოს მთავრობამ სალომე ზურაბიშვილისთვის სამუშაო ვიზიტებზე უარის თქმასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილს გერმანიაში ვიზიტზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 3 აგვისტოს ოფიციალურად, წერილობით ეთქვა უარი. ასევე, განცხადებაში საუბარია სხვა სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებითაც, რომლებზეც პრეზიდენტს უარი ეთქვა. ამასთან, სოციალურ ქსელებში სალომე ზურაბიშვილის პირადი გვერდების მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ხვდება.