ირაკლი ქადაგიშვილი - კირბალთან მომხდარი ფაქტი ტრაგედიაა, ეს გამოწვეულია ოკუპაციიდან, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ხორციელდება, სპეკულირება და ხელისუფლებისაკენ ხელის გამოშვერა უზნეობაა
ირაკლი ქადაგიშვილი - კირბალთან მომხდარი ფაქტი ტრაგედიაა, ეს გამოწვეულია ოკუპაციიდან, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ ხორციელდება, სპეკულირება და ხელისუფლებისაკენ ხელის გამოშვერა უზნეობაა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განაცხადებით, გუშინ კირბალთან მომხდარი ფაქტი ტრაგედიაა და საქართველოსთვის გადმოცემული უნდა იქნას დამნაშავე, ვინც ეს ჩაიდინა.

მისივე თქმით, საკითხით სპეკულირება და ხელისუფლებისკენ ხელის გაშვერა უზნეობაა.

„რა თქმა უნდა, ეს არის ტრაგედია და ვუსამძიმრებ ოჯახს, საქართველოს. ეს გამოწვეულია ოკუპაციიდან, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე ხორციელდება და ოკუპაციას ყოველთვის თან ახლავს ასეთი სამწუხარო, ტრაგიკული შემთხვევები. ამ შემთხვევაში ჩვენ ვითხოვთ, გამოძიებული და საქართველოსათვის გადმოცემული იქნას დამნაშავე, ვინც ეს ჩაიდინა და საქართველოს კანონმდებლობით მოხდეს მისი პასუხისგებაში მიცემა. ასევე, დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული მეორე პირი, რომელიც ჯერ კიდევ ტყვეობაშია.

სრული უზნეობაა სპეკულირება და ხელისუფლებისაკენ ხელის გამოშვერა, მით უმეტეს, იმ პოლიტიკური ძალისაგან, რომლის უპასუხისმგებლო პოლიტიკამაც შესაძლებელი გახადა რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის განხორციელება იმ ფორმით და მასშტაბით, რა მასშტაბითა და ფორმითაც ვიხილეთ. ეს პოლიტიკური უტიფრობის მწვერვალს წარმოადგენს.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ოკუპაციის შედეგი, ეს არის სრულად დასაგმობი ფაქტი და, ამავდროულად, ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაც, რომელიც მოუწოდებს ყველა მხარეს, არ მოხდეს შემდგომი ესკალაცია და მოვლენების ცუდი სცენარით განვითარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ოკუპაციურ ძალებს ახალი პროვოკაციების ჩადენის საშუალება არ მიეცეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.