ირაკლი ქადაგიშვილი - ხოშტარია, ჯაფარიძე, ვაშაძე, ხაბეიშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება
ირაკლი ქადაგიშვილი - ხოშტარია, ჯაფარიძე, ვაშაძე, ხაბეიშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება

ხოშტარია, ჯაფარიძე, ვაშაძე და უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხაბეიშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო და შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“.

„შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ხოშტარიაც, ჯაფარიძეც, ვაშაძეც და უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხაბეიშვილი, მელია და ასე შემდეგ, ერთი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. ისინი სხვადახვა პოზიციაზე მუშაობდნენ, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელმძღვანელი პირები იყვნენ და მიმდინარეობს ამ პარტიის, გარკვეული პოლიტიკური მოძრაობის დაშლის პროცესი. ახლა ესენი ცდილობენ, რაღაც პოზიციონირება გააკეთონ, ხან ერთმანეთს გაემიჯნონ და ხან შეუერთდნენ ერთმანეთს; იქ ბრძოლა არის გავლენებისთვის, ფინანსებისთვის და ასე შემდეგ, მაგრამ შინაარსობრივად, ეს ყველაფერი უკვე გუშინდელი დღეა. ეს რომ გუშინდელი დღეა, იმაშიც გამოჩნდა, რომ ქვეყანას და საზოგადოებას ვერაფერი პოზიტიური ვერ შესთავაზეს. დღესაც დადიან და სადაც ხელი მიუწვდებათ, ზოგან ლოზუნგს იძახიან, საქართველო ევროკავშირის წევრობას იმსახურებსო, მერე კი ამას მოჰყვება ყველანაირი ქმედება, რომ საქართველომ ახლა არ მიიღოს კიდევ რამე წინსვლა ამ გზაზე. არის მუდმივი საბოტაჟი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საქართველოს ვერაფერი პოზიტიური ვერ შესთავაზა.

„ნეგატივი რომ ვერ გაყიდეს ქვეყანაზე, ახლა ეს ნეგატივი გასაყიდი დარჩათ პარტიის შიგნით და ეს შიდა ასე ვთქვათ, არეულობა, რაც საქართველოსთვის უნდოდათ, შიგნით დაუბრუნდათ. ახლა, აი, აქ იხარშებიან და ეს მიმდინარეობს მათ შიგნით, რაც ერთი მხრივ კარგია, იმ გაგებით, რომ თუ საბოლოოდ გაბანკროტდება ეს ანტიდემოკრატიული, ანტიქართული, ანტიცივილიზაციური პოლიტიკური მოძრაობა და საშუალება გაჩნდება, რომ საქართველოში ამ ბულინგის გარეშე წარმოიქმნას ნორმალური პოლიტიკური მოძრაობა და იყოს ნორმალური პოლიტიკური ოპონირება, ეს მათ შორის, ძალიან ძლიერი ოპოზიციური ფლანგის ჩამოყალიბებას მისცემს საშუალებას, რაც კარგი იქნება ქვეყნისთვისაც და მათ შორის, ევროპერსპექტივისთვისაც“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა როლი აქვს მიხეილ სააკაშვილს პარტიის პოლიტიკურ პროცესში, მისივე გაცხადებული პოზიციის მიუხედავად, რომლის მიხედვითაც, მას სურს, იყოს პოლიტიკური პროცესებიდან დისტანცირებული, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილს ერთადერთი მიზანი ამოძრავებს, რომ რამენაირად, ქვეყნიდან გააღწიოს.

„ის შემოგზავნილი იქნა ქვეყანაში. მას სხვა გეგმები ჰქონდა, ქვეყნის აყირავება, რევოლუციის მოწყობა, მაგრამ არაფერი არ გამოუვიდა. ის ხედავს, რომ პატიმარია და ერთადერთი მიზანი ამოძრავებს. ამჟამად, მას არც „ნაციონალური მოძრაობა“ აინტერესებს, არც საქართველო და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ეზიზღება. მისი ერთადერთი მიზანია, რამენაირად წავიდეს საქართველოდან, პატიმრობას თავი დააღწიოს და ა.შ. ამწუთას, სხვა არანაირი რამე კონკრეტული სენტიმენტი არ აკავშირებს არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც ამ ქვეყანასთან. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ იციან, რომ გინდა არ გინდა, სააკაშვილი არის მათი სიმბოლო, სააკაშვილი არის მათ შორის, მათი ელექტორალური სიმბოლო, ყოველ შემთხვევაში, ბოლო არჩევნებამდე ეს ასე იყო და ამიტომ, ახლა ყველა ცდილობს სააკაშვილის სახელით სპეკულირებით თავისი შიდა პარტიული მდგომარეობის და ძალაუფლების გაუმჯობესებას. მოკლედ, ისეა, ბოლშევიკების ისტორიას თუ გავიხსენებთ, ვინ უფრო მაგარი ლენინელი იყო, ისე ხდებოდა ერთმანეთის განადგურება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

შეკითხვაზე, რას ემსახურება სააკაშვილის საქმეზე ლობისტური კომპანიის დაქირავება, რაშიც მისი ოჯახი საკმაოდ სოლიდურ თანხას იხდის და რა გავლენა შეიძლება, იქონიოს ამან თუნდაც ქვეყნის იმიჯზე, ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილისთვის მსჯავრის არიდებას და ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ემსახურება.

„საზოგადოების დიდ ნაწილს ეს აბსოლუტურად გაგებული აქვს და დღევანდელმა აქციამაც ეს ბრწყინვალედ აჩვენა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ამ ყველაფერს უკვე უცხოეთშიც აფასებენ რეალური პოლიტიკური ძალები.

„მაგრამ არის გადახდილი ფული, პიარი, ლობისტები. რა თქმა უნდა, გადახდილი ფულის სანაცვლოდ მათ თავიანთი სამუშაო აქვთ შესასრულებელი და შეასრულებენ, რა თქმა უნდა“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.