ირაკლი ქადაგიშვილი - ელჩების როლი ისეთია, როგორი დავალებებიც აქვთ, ევროპაში დღეს გარკვეული ძალები მზად არ არიან, ქართველი ხალხის არჩევანი გაიზიარონ
ელჩების როლი ისეთია, როგორი დავალებებიც აქვთ. პაველ ჰერჩინსკის დამოუკიდებელი როლი არ აქვს. ის წარმგზავნის ინტერესებს ატარებს. ჰერჩინსკი საკუთარი განცხადებით ამბობს, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით პოზიცია არ აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, საქართველოს გაცხადებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები უცვლელია, უბრალოდ, დღეს ევროპაში გარკვეული ძალები მზად არ არიან, საქართველოს დემოკრატიული გზა და ქართველი ხალხის არჩევანი გაიზიარონ.
„ვნახეთ ორი ევროკომისრის განცხადება, რომელთაც 4 ოქტომბერს მომხდარზე რეაგირება არ აქვთ და აქეთ სთხოვენ პასუხს ხელისუფლებას, რაიმე ზედმეტად არ მოგივიდეთო. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რაზეც ქართული საზოგადოება დიდი ხანია, ინფორმირებული და ჩამოყალიბებულია – ყველა ფერადი რევოლუციის მოწყობის უკან მათი კვალი აშკარად ჩანს. ადამიანები არჩევნებს არ აღიარებენ, არ სურთ, ქართველი ხალხის არჩევანს თვალი გაუსწორონ და თვალს ხუჭავენ. ჩვენ გაცხადებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არ შეგვიცვლია, იგივეა. უბრალოდ, ვხედავთ, რომ დღეს ევროპაში გარკვეული ძალები და ჩინოვნიკები მზად არ არიან, საქართველოს დემოკრატიული გზა, ქართველი ხალხის არჩევანი გაიზიარონ, მშვიდობიანი დამხობის, ფერადი რევოლუციების მხარდამჭერი და თანამონაწილეები არიან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.