ირაკლი ქადაგიშვილი - ჩინეთში ირაკლი ღარიბაშვილს მნიშვნელოვანი ვიზიტი აქვს, რომლის მთავარი შედეგია, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა სტრატეგიულ ხასიათს იღებს 
ირაკლი ქადაგიშვილი - ჩინეთში ირაკლი ღარიბაშვილს მნიშვნელოვანი ვიზიტი აქვს, რომლის მთავარი შედეგია, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა სტრატეგიულ ხასიათს იღებს 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი აქვს, რომლის მთავარი შედეგია ის, რომ საქართველო-ჩინეთის ურთიერთობა სტრატეგიულ ხასიათს იღებს.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, ჩინეთი ერთი-ერთი წამყვანი ეკონომიკური სახელმწიფოა და მასთან ვაჭრობის ყველაზე დიდი წილი აშშ-სა და ევროკავშირს აქვთ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს, რომელიც დასავლეთს და აღმოსავლეთს შორის შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, ჩინეთთან გაღრმავებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა ჰქონდეს.

„პოლიტიკური სივრცე ყველაზე მთავარია და ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ეს არის ყველაზე მთავარი პოლიტიკური სივრცე, რაც ჩინეთთან და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოსთან შეიძლება გაგაჩნდეს. ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა კიდეც, რომ მისთვის კარგად ცნობილი და გაცნობიერებულია საქართველოს გეოპოლიტიკური მისწრაფება საით არის – ანუ, ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება. ეს ჩინეთსა და საქართველოს შორის ასეთი მაღალი დონის თანამშრომლობას ხელს არ უშლის. რაც უფრო მეტი სახელმწიფო იქნება აქტიური მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის, მით უმეტეს, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სახელმწიფოები, ეს სწორედ ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩინეთისგან ამის იმედი გვაქვს და ეს განცხადება შეხვედრის დროს ძალიან მკაფიოდ იყო გახმოვანებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.