ირაკლი ქადაგიშვილი – ნიკა გვარამიას განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს „ნაცმოძრაობის“ მიდგომებს, შეუძლიათ, ყველაზე უფრო სუფთა და დიდი ქველმოქმედებაც კი გასვარონ თავიანთი განცხადებებით
ნიკა გვარამიას განცხადება კიდევ ერთხელ აჩვენებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიდგომებს ყველა საკითხთან დაკავშირებით, მათ შეუძლიათ, რომ ყველაზე უფრო სუფთა და ყველაზე უფრო დიდი ქველმოქმედებაც კი გასვარონ თავიანთი განცხადებებით, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა ნიკა გვარამიას დღევანდელ განცხადებაზე: „წინა ხელისუფლებას ვემიჯნები იმაში, რომ ერთ კონკრეტულ პირს არასდროს ახდევინებდა გადასახადებს და დააგროვებინა ასობით მილიონი. ვემიჯნები იმაში, რომ ამ კონკრეტულ პირს ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ვითომ ქველმოქმედება აწარმოებინა, რომელიც სინამდვილეში აღმოჩნდა გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია. ეს ერთადერთი პირი, სხვათა შორის, არის ბიძინა ივანიშვილი“.
როგორც ქადაგიშვილმა ამ განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილი მოქმედებდა და მოქმედებს არა ვიწრო პარტიული ინტერესით, არამედ საქართველოს ინტერესით.
„კარგად გვახსოვს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო, ვინც 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ აფინანსებდა ქართულ ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს, მათ შორის სახელმწიფო მოხელეებს და უმაღლესი თანამდებობის პირებს, რათა ქვეყანაში გატარებულიყო შესაბამისი რეფორმები და მწირი ბიუჯეტი, რომელიც მაშინ ქვეყანას ჰქონდა, არ ყოფილიყო შეფერხება წარმატებული რეფორმების გატარების. და დღეს ამ ადამიანს ყოფნის თავხედობა და ამბობს, რომ ეს ყველაფერი იყო მოპარული ფული. ბიუჯეტში ფული არ იყო და ვის რა უნდა მოეპარა? – ეს ხომ ყველაზე ნათელი მაგალითია. ის თანხები, რა თანხებიც ბიძინა ივანიშვილს მილიარდობით აქვს დახარჯული საქართველოში, ვერანაირად ვერ იქნებოდა გამომუშავებული საქართველოში. მას არცერთი თეთრი საქართველოში საქართველოს ბიუჯეტიდან არასდროს არ აუღია. ბიძინა ივანიშვილი მოქმედებდა და მოქმედებს არა ვიწრო პარტიული ინტერესით, არამედ საქართველოს ინტერესით. სწორედ საქართველოს ინტერესის დაზიანებაა მათთვის მნიშვნელოვანი. იციან, რომ ივანიშვილის საქმიანობა უკავშირდება საქართველოს. ხელისუფლებაში მათი მოსვლის დროს ბიძინა ივანიშვილმა კოლოსალური, უპრეცედენტო მხარდაჭერა გაუწიაახალ ხელისუფლებას, რათა მათ ფუნქციონირების და რეფორმების გატარების საშუალება ჰქონოდათ. აი, დღეს ამასაც კი ასე უხეშად და ბრუტალურად ისვრიან ნაგავში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.