ირაკლი ქადაგიშვილი – არ შეიძლება, ბილწსიტყვაობას თავისუფლებასთან კავშირი ჰქონდეს, ტაში კი არ უნდა დავუკრათ, არამედ ეს უნდა იყოს დაგმობილი და საზოგადოებრივი ურთიერთობებიდან ამოღებული
საუბარი როდესაც არის პასუხის გაცემაზე და იმაზე, რომ მეორე მხარეს, შენს ოპონენტს კრიტიკული ან განსხვავებული აზრი აქვს, ამ შემთხვევაში ყველაზე სწორი გზაა, კრიტიკას შენი არგუმენტირებული პოზიციით უპასუხო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, აქ საქმე არ არის არც კრიტიკასთან, არც აზრის გამოხატვასთან, არც მსჯელობასთან და არც კამათთან, საქმე არის ბილწსიტყვაობასთან.
„ბილწსიტყვაობა დასჯადი ქმედებაა. საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რომ ბილწსიტყვაობა გახდეს საზოგადოებაზე ზემოქმედების, მისი დაშლის, დათრგუნვისა და დემორალიზაციის იარაღი. რატომ არის გინება აკრძალული? როდესაც ერთი ადამიანი მეორეს აგინებს, ეს დემორალიზაციას, ბულინგსა და ფსიქოლოგიურ განადგურებას იწვევს. აქედან გამომდინარე, ბილწსიტყვაობა, გინება და დემორალიზაცია სოციალურ ქსელებში არის ანალოგიური, ოღონდ გაცილებით უფრო დიდი მასშტაბის შეტევა საზოგადოებაზე. ამიტომ ბილწსიტყვაობას გასაქანი ვერ ექნება.
რაც შეეხება იმას, რომ ვიღაცას ბილწ სიტყვასა და თავისუფალ სიტყვას შორის ტოლობის ნიშნის დასმა სურს, ეს ინტელექტუალური დეგრადაციაა. ჩვენ ყოველთვის ვიქნებით თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერები, მაგრამ ყოველთვის ვიქნებით ბილწსიტყვაობის წინააღმდეგი“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ამასთან, ქადაგიშვილს კითხვა დაუსვეს „რადიო თავისუფლების“ მიერ გავრცელებულ აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საელჩო შეშფოთებას გამოთქვამს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო“.
„ამერიკის შეერთებულ შტატებს რაც შეეხება, ზედმეტ პოლემიკაში შესვლას არ ვაპირებთ, რადგან ჩვენთან მედიათავისუფლება საკმაოდ განვითარებული და დაცულია. დღევანდელი ამერიკის ვითარებასთან დაკავშირებით, შეიძლება, ბევრი საინტერესო პარალელიც კი გავავლოთ, რადგან ჩვენ ამერიკასთან სრულიად სხვა, პოზიტიური დღის წესრიგის განვითარება გვსურს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
კითხვაზე, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და სიძულვილის ენასა თუ შეურაცხყოფას შორის, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა:
„წარმოიდგინეთ, თქვენი კითხვა ან რეპორტაჟი რომ არ მომეწონოს, უხეში, ბილწი სიტყვებით მოგმართოთ და შევაფასო თქვენი ჟურნალისტური საქმიანობა. თავისუფალი სიტყვისა და აზრის გამომხატველი ვიქნები თუ ჩვეულებრივი მოძალადე? არ შეიძლება, ბილწსიტყვაობას თავისუფლებასთან კავშირი ჰქონდეს. გვეუბნებიან, რომ ის, რაც ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება, ცხოვრების ნორმად გახადეთო. ყველა ნორმალური საზოგადოება, ამერიკა იქნება თუ ევროპა, ამას შეძლებისდაგვარად ებრძვის. ზღვარი სწორედ აქ გადის – საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, რომ გახდეს ბილწი სიტყვის ტყვეობის ქვეშ, რადგან ბილწსიტყვაობა ანგრევს ადამიანის ფსიქიკას – მთქმელისას, გამგონისა და მიმღებისას. რა თქმა უნდა, ეს მთელ საზოგადოებაზე გადადის. გეთანხმებით, რომ ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა ეკისრება – პოლიტიკოსსაც, მედიის წარმომადგენელსაც, რიგით ადამიანსაც და ა.შ. არ მინდა, ვთქვა, რომ ეს პასუხისმგებლობა ვიღაცას ეკუთვნის და ვიღაცას – არა, ყველას ეკუთვნის. უბრალოდ, თუ ახლა მივყვებით იმ ლოგიკას, რომ რაკი პოლიტიკოსმაც შეიძლება ბილწი სიტყვა თქვას, ამიტომ ეს დაშვებულია, ეს არ არის სწორი მიდგომა. ბილწსიტყვაობა ბოროტი ენაა. ჩვენ ამ ბოროტ ენას თუ მივყვებით, საზოგადოება ცუდ შედეგამდე მივა.
ის, რომ მე ან ვიღაც სხვა საჯარო სივრცეში წყობიდან გამოვსულვართ და ცუდი სიტყვა გვითქვამს, ხომ ხედავთ, რა ცუდია? ეს არავის მოსწონს, მათ შორის არც იმ სიტყვის მთქმელს, მაგრამ ჩვენ იმას ვამბობთ, რომ ეს კი არ უნდა წახალისდეს, ნორმად კი არ უნდა იქცეს და ტაში კი არ უნდა დავუკრათ, არამედ ეს უნდა იყოს დაგმობილი და საზოგადოებრივი ურთიერთობებიდან ამოღებული“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.