ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი საქმის გამომძიებელს შეხვდა
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი საქმის გამომძიებელს შეხვდა

პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი მამუკა ჭაბაშვილი დაკავებულის ადგილსამყოფელთან და მის ბრალდებასთან დაკავშირებით საქმის გამომძიებელს ესაუბრა.

მამუკა ჭაბაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ მივიდა და უწყება მალევე დატოვა. ის წინასწარი დაკავების იზოლატორში ირაკლი ოქრუაშვილთან შესახვედრად წავიდა.

„დაახლოებით ნახევარი საათის წინ დამირეკეს ირაკლის მეგობრებმა. დიღომში დააკავეს ის. დაკავებულია 20-21 ივნისის მოვლენებზე. მოვედი, რომ მენახა, ვესაუბრე გამომძიებელს და წაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში. მე მოვინახულებ. არ გავცნობილვარ ვიდეომასალას, რომელიც გაასაჯაროეს. მან მისცა გამოძიებას ჩვენება, შემდეგ საფრანგეთში ჰქონდა დაგეგმილი წასვლა, თუმცა საგამოძიებო პროცესის მიმდინარეობის გამო გადადო წასვლა. შემდეგ აღარ გამოუძახებიათ საგამოძიებო უწყებაში. დღეს ჩვენ შევხვდით ჩემთან, ოფისში მისი მძღოლის საქმესთან დაკავშირებით და ახლა გავიგე ეს ამბავი. ჩემს შთაბეჭდილებებზე თავს შევიკავებ. ჯერ შევხვდები ირაკლის და შემდეგ ვისაუბრებ. ჩემი შთაბეჭდილება ის არის, რომ გარკვეულ მოვლენებს უკავშირდება, მეტს აღარ ვიტყვი, მის გააქტიურებას, შევხვდები და ამის შემდეგ გავაკეთებ განცხადებას, რასაც ირაკლი გადმომცემს“, – განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.

კითხვაზე, უკავშირებთ თუ არა დაკავება ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკურ განცხადებებს, მათ შორის „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით, ადვოკატმა განაცხადა: „ალბათ ხო, ყველაფერი შეიძლება“.

20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, ირაკლი ოქრუაშვილის გარდა, კიდევ ოთხი პირია დაკავებული.

ირაკლი ოქრუაშვილი უკვე გადაიყვანეს თბილისის მთავარ სამმართველოში.