ირაკლი ოქრუაშვილი - სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიტინგები უმეტესწილად ჩემ მიერ იყო დაფინანსებული
ირაკლი ოქრუაშვილი - სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიტინგები უმეტესწილად ჩემ მიერ იყო დაფინანსებული

მიხეილ სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიტინგები უმეტესწილად ჩემ მიერ იყო დაფინანსებული, – ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, ამას აკეთებდა არა საკუთარი ფულით, არამედ იმ ადამიანების რწმენით, რომლებსაც მისივე თქმით, ენდობოდა.

მისივე განცხადებით, ფინანსების მოსაზიდად ყოველთვის ჰქონდა გარკვეული სახის ბერკეტები.

„ყოველთვის მქონდა გარკვეული სახის ბერკეტები იმისათვის, რომ გარკვეული საქმისთვის, ეს არ იყო მარტო „რუსთავი 2“, ეს იყო მთელი პოლიტიკური პროცესი მას შემდეგ, რაც ხელისუფლებიდან წავედი და ხელისუფლებას დავუპირისპირდი, მქონდა გარკვეული ბერკეტი გარკვეული ფინანსების მოსაზიდად. სააკაშვილის დროს, რუსთაველზე მიმდინარე მთელი მიტინგების პროცესი უმეტესწილად დაფინანსებული იყო ჩემ მიერ. ამას ვაკეთებდი არა ჩემი ფულით, არამედ იმ ადამიანების დაჯერებითა და დარწმუნებით, რომლებთანაც ნდობა მქონდა, რომლებსაც ამ პროცესის მიმართ ჰქონდათ გარკვეული დაინტერესება და გულგრილები არ იყვნენ. იგივე სახის მეთოდით მოვიზიდე ეს ფული და არამარტო ეს ფული, ბევრი სხვა რაღაც გარიგებების დაფინასნების ფული. ფული ჩემთვის არასდროს ყოფილა მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ოქრუაშვილმა.

ამასთან, ჟურნალისტმა ირაკლი ოქრუაშვილს კითხვა დაუსვა: „არ ფიქრობთ, რომ თქვენი მხრიდან ეს განცხადება ერთგვარი აღიარებაა, რომ მაშინდელი ხელისუფლების თავდაცვის მინისტრმა ვიღაცაზე ზეწოლა მოახდინა და მიატანინა ფული „რუსთავი 2“-ის საყიდლად“, რაზეც ირაკლი ოქრუაშვილმა უპასუხა: „ერთი ადამიანი მაინც უნდა გამოჩნდეს, რომელიც იტყვის, რომ „მე ფული მომთხოვეს, არა ამ საქმისთვის, არამედ ფული მომთხოვეს. ერთი ადამიანი მაინც უნდა იყოს“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.