ირაკლი ნოზაძის დაჭრაში ბრალდებულის კუთვნილი ავტომობილიდან დე-ენ-ემის ​ნიმუშების აღება მიმდინარეობს

23:59, 27.06.2018

მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე დაკავებული თამთა ჯანჯღავას კუთვნილი ავტომობილიდან დე-ენ-ემის ნიმუშების აღება მიმდინარეობს. საგამოძიებო მოქმედებები დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-3 განყოფილების ეზოში ტარდება, სადაც თავად ჯანჯღავაც იმყოფება.

სამართალდამცველებმა ის მე-11 განყოფილებიდან, დაკითხვის დასრულების შემდეგ, გადმოიყვანეს.

მის წინააღმდეგ გამოძიება, განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს, ბრალს კი სავარაუდოდ ხვალ დილით წარუდგენენ.

როგორც ერთ-ერთმა ადვოკატმა ცოტა ხნის წინ მედიასთან განაცხადა, დაცვის მხარე ბრალის გადაკვალიფიცირებას სავარაუდოდ მოგერიების მუხლით მოითხოვს, ვინაიდან, მისი თქმით, თავდაპირველად, ჯანჯღავა იყო ნოზაძის მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი, რის შემდეგაც ის თავის დაცვას შეეცადა.

ადვოკატმა ჯანჯღავასა და ნოზაძეს შორის დაპირისპირების მიზეზზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა არ გამორიცხა, რომ შესაძლოა საქმე ნარკოტიკებს ეხებოდეს.

„ამ ეტაპზე, ავტომობილის ტექნიკური ექსპერტიზა ტარდება. ტარდება დე-ენ-ემის, სუნის ექსპერტიზა და დაკავებულის სისხლის ნიმუშის აღება, რადგან შემთხვევის ადგილზე ფიზიკური დაზიანება მიიღო ჯანჯღავამაც. რეალური ვარაუდია იმისა, რომ ეს იყო აუცილებელი მოგერიება, ვინაიდან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის განმარტებით, თავდასხმა, ფიზიკური ძალადობა დაწყებული იქნა დაზარალებულის მხრიდან.

ჩაუტარდა დაკავებულს ნარკოლოგიური ექსპერტიზა, ექსპერტიზამ არანაირი ნარკოტიკი არ დააფიქსირა, არც ალკოჰოლი. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად უარყოფს განზრახვას და აცხადებს, რომ ნოზაძემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, მან მიიღო ფიზიკური დაზიანება, სისხლიც არის სავარაუდოდ მანქანაშიც და მის ტანსაცმელზეც. იყო საშიშროება განმეორების და იგრძნო რეალური საფრთხე, რომ ამ განმეორებას მის მიმართ მძიმე შედეგი გამოეღო, ამ შემთხვევაში არ არის არც მომზადებულ იარაღზე საუბარი, არც არაფერზე, ეს არის ბრელოკი, რომელზეც, ალბათ, ყველა თქვენგანს აქვს ჩამოკიდებული რაღაც მცირე ზომის გასახსნელი სუვენირი“, – განაცხადა ავთანდილ ბუაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

მათივე ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობისფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი