ირაკლი მეზურნიშვილი - სტაბილურობის და სიმშვიდის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ ფაქტორების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორი
ირაკლი მეზურნიშვილი - სტაბილურობის და სიმშვიდის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია, რადგან ამ ფაქტორების გათვალისწინებით იღებს გადაწყვეტილებას ინვესტორი

საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია სტაბილურობისა და სიმშვიდის შენარჩუნება, რადგან ეს ის ფაქტორებია, რასაც პირველ რიგში უყურებს ინვესტორი და რისი გათვალისწინებითაც იღებს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ რეიტინგის შეფასებისას.

მისი თქმით, „ფიტჩის“ მიერ საქართველოსთვის სტაბილური რეიტინგის შენარჩუნება და დადებითი შეფასება, ძალიან მნიშვნელოვანია.

დეპუტატის შეფასებით, ინვესტორები სწორედ აღნიშნულ  ფაქტორებს ადევნებენ თვალს და  შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, დააბანდონ თუ არა თანხები ამა თუ იმ განვითარებად ქვეყანაში.

„ის ფაქტი, რომ „ფიტჩმა“ ძალიან ბევრი წლის შემდეგ, 2019 წლის დასაწყისში, პირველად შეცვალა ჩვენი რეიტინგი, ერთი ნაბიჯით დაგვაწინაურა და „BB“ მოგვანიჭა სტაბილურობის პროგნოზით, არის დადებითი შეფასება ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და იმ რეფორმების, რაც  ჩვენს ქვეყანაში  ბოლო წლების განმავლობაში ტარდება. ეს ქვეყნის ეკონომიკისთვისაც ძალიან დიდი გამოწვევაა, რომ იმ არასტაბილური სიტუაციის მიუხედავად, რაც ჩამოყალიბდა, ყოველ შემთხვევაში მცდელობა იყო 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ სტაბილურ რეიტინგს. ეს ძალიან პოზიტიური შეფასება კარგია, თუმცა ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია სტაბილურობის და სიმშვიდის შენარჩუნება, რადგან ეს ის ფაქტორებია, რასაც პირველ რიგში უყურებს ინვესტორი და რისი გათვალისწინებითაც იღებს გადაწყვეტილებას – დააბანდოს თუ არა თანხები ჩვენს ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, არა მარტო მმართველ გუნდზე, არამედ ოპოზიციაზე და საზოგადოების ნებისმიერ წევრზე გადადის ვალდებულება, შევინარჩუნოთ სტაბილურობა და სიმშვიდე ქვეყანაში“,- აცხადებს ირაკლი მეზურნიშვილი.

მისივე შეფასებით, მთავრობას და პარლამენტს გააჩნია მეტი პოტენციალი, დაჩქარდეს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის  პროცესი.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ისტორიულ მინიმუმზეა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 7.7 პროცენტია, მაგრამ ამავდროულად, ბევრი გვაქვს სამუშაო, რათა კიდევ უფრო შევამციროთ ეს დეფიციტი, რადგან განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ, რათა კიდევ უფრო გავზარდოთ ექსპორტი. ეს თავის მხრივ, მომავალში ეროვნული ვალუტის სტაბილურობაზეც აისახება. ჩვენ უფრო მეტის პოტენციალი გაგვაჩნია და ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,  რომ კიდევ უფრო დავაჩქაროთ ინვესტიციების მოზიდვის პროცესი,  ექსპორტის  ზრდა და ანგარიშის დეფიციტის შემცირება“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch)  საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა.