ირაკლი მეზურნიშვილი – ენერგეტიკის სექტორი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის დარგია, ეს პირდაპირ განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას
ენერგეტიკის სექტორი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის დარგია, რადგან ის, პრაქტიკულად, ყველა სხვა ეკონომიკური სექტორის საფუძველს წარმოადგენს, ენერგიის ფასი, ხარისხი და უწყვეტობა პირდაპირ განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობას, – ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი მეზურნიშვილმა ბრიუსელში მიმდინარე ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე განაცხადა.
ირაკლი მეზურნიშვილის თქმით, ბოლო ათწლეულებში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია როგორც ენერგომომარაგების უსაფრთხოების, ისე მდგრადი სისტემის განვითარებაში.
„მიმდინარე რეფორმები მიზნად ისახავს რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას და მწვანე ენერგიაზე გადასვლის ხელშეწყობას. საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტიც აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში და მუშაობს იმისთვის, რომ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდეს და ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობა სრულად დაინერგოს. რაც შეეხება ელექტროენერგიას, საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის მთავარი მიზანია მოსახლეობისა და ბიზნესისათვის ენერგიის საიმედო, უწყვეტი და ხელმისაწვდომი მიწოდება. ამ მიმართულებით ქვეყანა ცდილობს, განავითაროს თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ენერგეტიკული სექტორი და შეამციროს სხვაობა მოთხოვნასა და შიდა წარმოებას შორის.
დღეს საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი შედარებით დაბალია – საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის დაახლოებით 7.7 ევრო ცენტია, ხოლო მცირე ბიზნესისთვის – დაახლოებით 11 ევრო ცენტი. ბოლო წლებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა როგორც შიდა ქსელში, ისე ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურაში, მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მიწოდების უსაფრთხოება და ხელი შეუწყო რეგიონულ ვაჭრობას“, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მეზურნიშვილმა.
ამასთან, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების საპარლამენტო პლენუმზე ირაკლი მეზურნიშვილმა განაცხადა, სტატისტიკურად, 2016-2025 წლებში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ წლიურად 2.7%-ით იზრდება, 2025 წელს მოხმარება 3.5%-ით გაიზარდა და 14.3 მილიარდ კვტ/სთ-ს მიაღწია, ხოლო წარმოებამ 13.98 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა.
„იმპორტი მკვეთრად შემცირდა — 91%-ით, ხოლო ექსპორტი – 86%-ით. დადგმული სიმძლავრე დღეს 4752 მეგავატს შეადგენს, სადაც ძირითადი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის.
განახლებადი ენერგიის წილი უკვე 20.2%-ია და 2030 წლისთვის 27.4%-მდე გაზრდა იგეგმება. ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილია ათეულობით ჰიდრო, ქარის და მზის ელექტროსადგურის მშენებლობა. ელექტროენერგეტიკული და გაზის ბაზრების დაჩქარებული ინტეგრაცია.
მნიშვნელოვანი მიმართულებაა ასევე ელექტროენერგეტიკული და გაზის ბაზრების გახსნა და ევროპულ ბაზრებთან ინტეგრაცია. 2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ვაჭრობის გარდამავალი მოდელი, ხოლო სრულად ბაზრის ამოქმედება 2027 წლისთვის იგეგმება. ამასთან, გატარდა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის გადამცემი სისტემის ოპერატორების განცალკევება (unbundling) და „ნეტო-აღრიცხვიდან“ „ნეტო-დარიცხვაზე“ გადასვლა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის. ახალი წესები ეტაპობრივად ამოქმედდება და მიზნად ისახავს ბაზრის უფრო ეფექტიან ფუნქციონირებას. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოში განახლებადი ენერგიის ბაზრის სრული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად ევროკავშირისა და ენერგეტიკული გაერთიანების სამართლებრივი ნორმების შესაბამისად იგეგმება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.
მისივე თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ევროპულ ბაზართან სრული ინტეგრაციაა, თუმცა დამოკიდებულია ფიზიკურ კავშირზეც.
„ამ მხრივ გადამწყვეტია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც საქართველოს პირდაპირ დააკავშირებს ევროპულ ენერგოსისტემასთან. პროექტის ღირებულება დაახლოებით 3.5 მილიარდი ევროა და მისი დასრულება 2030 წლისთვის იგეგმება. ეს პროექტი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას ჩამოყალიბდეს რეგიონულ ენერგეტიკულ ჰაბად და გააძლიეროს საკუთარი საექსპორტო პოტენციალი. მინდა, სიამაყით გაცნობოთ, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე მეორე მოსმენით მიიღო „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტი. მისი მიღება განპირობებულია საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშესაწყობად, სათბურის აირების ემისიების შემცირებისათვის საჭირო ზომების გასატარებლად და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესასრულებლად. კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში შეიქმნება სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს სახელმწიფოს, შეაფასოს საქართველოში სათბურის აირების გაფრქვევის კუთხით არსებული მდგომაროება, ხელი შეუწყოს ემისიებით ვაჭრობის სისტემის შექმნას და გაატაროს ემისიების შემცირებისთვის საჭირო ღონისძიებები. ამასთან, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი აქტიურად აგრძელებს მუშაობას კლიმატის კანონის პროექტზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინსტიტუციური მართვის საკითხების დეტალური დამუშავება იმგვარად, რომ კანონის მიღების შემდეგ უზრუნველყოფილი იყოს მისი ეფექტიანი აღსრულება“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.