ირაკლი მეზურნიშვილი – ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე
ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე, – ამის შესახებ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ირაკლი მეზურნიშვილმა ათენში განაცხადა, სადაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის რიგით 68-ე გენერალურ ასამბლეაზე იმყოფება.
მისი თქმით, ძალიან აქტუალურია ისეთი საკითხი, როგორიცაა შეიარაღებული კონფლიქტის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე.
„საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიმყოფებით საბერძნეთის დედაქალაქ ათენში. აქ იმართება რიგით 68-ე გენერალური ასამბლეა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, მიგვეღო მონაწილეობა გენერალურ დებატებში. ძირითადი საკითხი არის ძალიან აქტუალური – შეიარაღებული კონფლიქტის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე. მოგეხსენებათ, რამდენი კონფლიქტი არის ზოგადად რეგიონში და როგორ ანადგურებს შეიარაღებული კონფლიქტი ეკონომიკას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რომ შევინარჩუნოთ მაქსიმალურად მშვიდობა, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. ასევე, მქონდა დღეს პატივი ეკონომიკური კომიტეტის წაყვანის. დღეს ასევე გაიმართა საინტერესო დებატები თვითონ კომიტეტის ფარგლებში, რომელსაც ვხელმძღვანელობდი მე, პაბსეკ-ის ვიცე-პრეზიდენტის რანგში, და იქ იყო სხვადასხვა რეზოლუცია, სხვადასხვა რეკომენდაცია. აქტიურად არის საქართველო ჩართული, ზოგადად, პაბსეკ-ის საქმიანობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ გამოვიყენოთ ეს პლატფორმა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა მეზურნიშვილმა.