ირაკლი ლექვინაძე - „ფიტჩის“ რეიტინგის ძირითად კრიტერიუმებში საქართველოს „BB“ კატეგორიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგი აქვს
ირაკლი ლექვინაძე - „ფიტჩის“ რეიტინგის ძირითად კრიტერიუმებში საქართველოს „BB“ კატეგორიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგი აქვს

მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი „ფიტჩმა“   (Fitch)  0,3 პროცენტით შეამცირა, ის მაინც აღემატება „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ 3.3 პროცენტიან მაჩვენებელს და იმ გამოწვევების ფონზე, რომლების წინაშეც ქვეყნის ეკონომიკა დღეს დგას, აღნიშნული მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს, – ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე სარეიტინგო კომპანია „ფიტჩის“ მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივის სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვებას.

ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, რომ „ფიტჩის“ რეიტინგის ძირითად კრიტერიუმებში საქართველოს „BB“ კატეგორიის ქვეყნების მედიანურ მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგი აქვს.

„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა მხარდაჭერილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, რაც ზრდის ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობას. 2019-2021 წლებში წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საშუალოდ მშპ-ს 5.9 პროცენტი იქნება, ხოლო კაპიტალური ხარჯების ზრდა ხელს შეუწყობს 2020-2021 წლებში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებას. ჯამში, „ფიტჩის“ რეიტინგის ძირითად კრიტერიუმებში საქართველოს BB კატეგორიის ქვეყნების საშუალო მაჩვენებლებზე უკეთესი შედეგი აქვს,“ – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

პოზიტიურ შეფასებებთან ერთად, ბიზნესომბუდსმენი დღეს ბიზნესგარემოს მიმართულებით არსებულ იმ გამოწვევებზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლებზეც საუბარია „ფიტჩის“ რეიტინგში.

ირაკლი ლექვინაძის შეფასებით, მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვანია ბიზნესის მოლოდინების მართვა.

„მნიშვნელოვანი და აუცილებელია აქტიური კომუნიკაცია ბიზნესთან საგარეო რისკებზე, რეგულაციებზე, რეფორმებსა და ლარის კურსზე, რათა ბიზნესის მოლოდინები გაუმჯობესდეს“, – აცხადებს ლექვინაძე.

სარეიტინგო კომპანია „ფიტჩმა“ (Fitch)  საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი „BB“ დონეზე, ხოლო პერსპექტივა სტაბილურ მაჩვენებელზე დატოვა. ამასთან, 2019 წლის  ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მცირედით, 4.3 პროცენტამდე შეამცირა (წინა პროგნოზი – 4.6 პროცენტი).