ირაკლი ლექვინაძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, სამართლიანი კონკურენციის პირობები მკაცრად იყოს დაცული
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ კონკურენციის თემატიკით დაინტერესებული საკონსულტაციო კომპანიების, სამეცნიერო წრისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
„2014 წელს საქართველოს პარლამენტმა „კონკურენციის შესახებ“ კანონში ცვლილებების დამტკიცებით შექმნა და საფუძველი ჩაუყარა უწყებას, რომელიც ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს. სწორედ ექვსი წლის წინ, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერითა და რეფორმების ეფექტიანად გატარების გზით იწყება ევროკავშირთან საქართველოს ინტეგრირების პროცესი. ახლახან გამოქვეყნდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის ანგარიში, სადაც საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ წარმატებით განხორციელებულ აქტივობებზე ვრცლად არის საუბარი. ასოცირების შეთანხმების, ისევე როგორც DCFTA-ის კონკურენციის ერთ-ერთ თავში ყურადღება კონკურენციის სამართლის ეფექტიანი აღსრულების მნიშვნელობაზე მახვილდება. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქმედო გეგმის მიხედვით, ამ წლების განმავლობაში, კონკურენციის სააგენტოს მიერ აღებული ვალდებულებები სრულყოფილად იქნა შესრულებული“, – განაცხადა ლექვინაძემ.
მისივე თქმით, კონკურენცია არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის.
„ჩვენ ამისათვის, არსებული რესურსის გამოყენებით, გავაკეთებთ მაქსიმუმს. ჩვენი დღევანდელი სამუშაო შეხვედრაც არის წინაპირობა და საშუალება იმისა, რომ სამომავლოდ სააგენტოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება დაცული იყოს სავარაუდო რისკებისგან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ყველა მხარის უფლება – სამართლიანი კონკურენციის პირობების ფორმატში იყოს მკაცრად დაცული, გარანტირებული და სააგენტოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, მიღებული გადაწყვეტილებები თითოეულმა მომხმარებელმა საკუთარ კეთილდღეობაზე იგრძნოს.
საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიზანი და ამოცანა არ არის ვინმეს დასჯა. პირიქით, ჩვენი მიზანია კონკურენციის ხელშეწყობა, დაცვა და ამ მიზნით შესაბამის ბაზრებზე, ეკონომიკური აგენტებისთვის თავისუფალი დაშვების შესაძლებლობის შექმნა; სახელმწიფო შესყიდვებში კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა; საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა და ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმების, ქმედების გამოვლენა და აღკვეთა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ შეხვედრაზე და დამსწრე საზოგადოებას 2020 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა, სადაც განხილულ იქნა ქვეყანაში კონკურენციის პოლიტიკის აღსრულების პრაქტიკული მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები და სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.