ირაკლი ლექვინაძე - ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება ლოგიკური და სამართლიანია
ირაკლი ლექვინაძე - ანაკლიის კონსორციუმთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილება ლოგიკური და სამართლიანია

კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ყოფილი ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე მიიჩნევს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტაზე მთავრობის გადაწყვეტილება ლოგიკური და სამართლიანია.

როგორც მან აღნიშნა, კონსორციუმისთვის ბევრჯერ შემსუბუქდა ის პირობები, რითაც მან ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვა.

„არაერთხელ არის დეკლარირებული, რომ ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდება. რაც შეეხება უშუალოდ ინვესტორთან დაკავშირებულ საკითხსა და ხელშეკრულების შეწყვეტას, ვფიქრობ, მთავრობის გადაწყვეტილება არის ლოგიკური და სამართლიანი, გამომდინარე იმ წინაპირობებიდან, რომელიც არსებობდა ინვესტორთან მიმართებაში. გზადაგზა ბევრჯერ შემსუბუქდა პირობები, რითაც თავდაპირველად ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა და კონსორციუმმა გაიმარჯვა. ეს ერთგვარად არასამართლიანია იმ კომპანიებთან მიმართებაში, რომლებმაც თავის დროზე, აღნიშნულ ინტერესთა გამოხატვაში მიიღეს მონაწილეობა და ამ პირობების გამო, ვერ გადალახეს შემდგომი ეტაპები“, – განაცხადა ლექვინაძემ.

ამასთან, მისი თქმით, კონსორციუმს ბევრჯერ გადაუვადდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც უკავშირდებოდა ფინანსური რესურსის მოზიდვას, თუ სხვა პირობების შესრულებას.

„ჩამოიწერა დარიცხული საურავებიც, რომელიც კონსორციუმს პირობების შეუსრულებლობის გამო დაეკისრა. ვფიქრობ, კომერციული რისკების დაზღვევასთან დაკავშირებული მოთხოვნა არასამართიანია, სულ მცირე, იმ თემასთან მიმართებაში, რომ ასეთი პრეცედენტი ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს, როდესაც სახელმწიფო აზღვევს კერძო ინვესტორის კომერციულ რისკებს. ბუნებრივია, ეს არასამართლიანია პორტებთან მიმართებაში, რომლებიც საქართველოში მუშაობენ და ოპერირებენ. ამიტომ ვფიქრობ, მიუხედავად პროცესებისა, რომლებიც განვითარდა, იყო ეს სასამართლო, თუ საგამოძიებო საკითხებთან დაკავშირებული, კონსორციუმს სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ჰქონდა. სამწუხაროა, რომ მაღალი მხარდაჭერის მიუხედავად, აღნიშნული პირობების შესრულება ვერ მოხერხდა“, – განაცხადა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ლექვინაძემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი კონსტიტუციაში არის შეტანილი, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფოს მხრიდან პროექტის მხარდაჭერას.

„რიგი საკითხები, მათ შორის კომერციული რისკების დაზღვევის საკითხი, მისი პრაქტიკაში რეალიზება, იქნებოდა არათანაბარი პირობის შემქმნელი სხვა პორტებთან მიმართებაში. ამიტომ ეს მოთხოვნა იყო არასამართლიანი. დეკლარირებულია, რომ ანაკლიის პროექტის განხორციელებაზე მუშაობა გაგრძელდება, იქნება ახალი ინტერესთა გამოხატვა და ჩემი მოსაზრებით, ამ პროექტის მიმართ დაინტერესება იქნება. დაველოდოთ საბოლოო შედეგებს, რომელი კომპანიები გამოხატავენ პროექტის განხორციელების ინტერესსა და სურვილს“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.