ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გაასაიდუმლოვა გონიოსა და კრწანისის ტყე-პარკში არაბული ანკლავების მშენებლობის ხელშეკრულება, ორი არაბული ანკლავის გაჩენა ორ მთავარ დიდ ქალაქში არის დანაშაული

17:45, 26.09.2026

საქართველოს ვერცერთი საშუალო სტატისტიკური მოქალაქე ვერ შეიძენს ვერანაირ ფართს ვერც გონიოში, არაბულ ქალაქებში და ვერც კრწანისის ტყე-პარკში, ეს ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიის სრული უმრავლესობა ათვისებული იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ, – ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გონიოში, ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ქართველებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის თანაფარდობა იცვლება და ამ კრიზისის პირობებში, ორი არაბული ანკლავის გაჩენა ბათუმში, თბილისში და გონიოში, არის დანაშაული საქართველოს უსაფრთხოების ეკონომიკის წინააღმდეგ.

„ჩვენ ახლა ვიმყოფებით გონიოს უნიკალური ტერიტორიის გულში, სადაც ბიძინა ივანიშვილმა და ანტიქართულმა „ოცნებამ“ ერთი წლის წინ გამოაცხადა, რომ გონიოს ამ უნიკალურ ქართულ ტერიტორიას და კრწანისის ტყე-პარკს, 590 ჰექტარს კრწანისში და 260 ჰექტარს გონიოში გადასცემს არაბულ კომპანიას.

პრომო ბიჭუნად წარმოდგენილმა, ე.წ. პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, რომ ექვსი მილიარდის ინვესტიცია შემოვიდოდა, ექვსი მილიარდი დოლარის გენერირებას შეძლებდა ეს პროექტი, ამ პროექტს საბოლოოდ ეწოდა და დაერქვა აფერა, რაც გულისხმობს არაბული ქალაქების შექმნას. მათ შორის, იმ არაბული კომპანიის წარმომადგენელმა, ხელმძღვანელმა და დირექტორმა განაცხადა, რომ ამ კომპანიაში კვადრატული მეტრის ღირებულება იქნება 5 000-დან 12 000 დოლარამდე. საქართველოს ვერცერთი საშუალო სტატისტიკური მოქალაქე ვერ შეიძენს ვერანაირ ფართს ვერც გონიოში, არაბულ ქალაქებში და ვერც კრწანისის ტყე-პარკში. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ტერიტორიის სრული უმრავლესობა ათვისებული იქნება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ.

მაშინ, როცა საქართველოში ანტიქართული „ოცნების“, არაქართული „ოცნების“ პროპაგანდამ და საქმიანობამ შექმნა დემოგრაფიული კრიზისი, იცლება საქართველო საქართველოს მოქალაქეებისგან, ჩამოდიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები. განსაკუთრებული კრიზისია ბათუმში რუსეთის მოქალაქეების ჩამოცხოვრების გამო. იცვლება თანაფარდობა საერთოდ საქართველოში ქართველებსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის. ამ კრიზისის პირობებში, ორი არაბული ანკლავის გაჩენა ორ მთავარ დიდ ქალაქში, ბათუმსა და თბილისში, კრწანისის ტყე-პარკში და გონიოში, არის დანაშაული საქართველოს უსაფრთხოების ეკონომიკის წინააღმდეგ, რადგან ეს არ არის ეკონომიკური განვითარება. მაშინ, როცა ქართული სახელმწიფოსთვის უნიკალური მნიშვნელობის ძალიან მაღალი ეკონომიკური ღირებულების ქონებას, სახელმწიფო ყოველგვარი რეალური შემოსავლის მიღების გარეშე დებს ინვესტიციად წარმოუდგენელ, დაუსაბუთებელ პროექტებში, რომელმაც არ იმუშავა, მათ შორის, უნგრეთში, არ იმუშავა სხვადასხვა ქვეყანაში კორუფციის რისკებისა და უპერსპექტივობის გამო. ეს არის კორუფციული პროექტი, რასაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ფაქტი, რომ ანტიქართულმა „ოცნებამ“ გაასაიდუმლოვა ხელშეკრულება, რომელიც ეხება არაბული ანკლავების მშენებლობას, როგორც გონიოში, ასევე კრწანისის ტყე-პარკში.

ანტიქართულ „ოცნებას“ თუ არაფერი აქვს დასამალიმ, რატომ ასაიდუმლოებს ხელშეკრულებას, რომელშიც, სავარაუდოდ, არის ისეთი მძიმე პირობები სახელმწიფოს მხრიდან შესასრულებლად, რომელიც სრულიად გამორიცხავს ადეკვატური, ეროვნული, ქართული გადაწყვეტილების არსებობას საერთოდ ამ გარიგებაში.

კიდევ ერთხელ ვამბობთ, ეს აფერა, რომელიც, ერთი მხრივ, ექვსმილიარდიან ინვესტიციას მოიცავდა თავიანთი ჭკუით, ტყუილი, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააჟღერა, მეორე მხრივ, დემოგრაფიული, ეკონომიკური, უსაფრთხოების კრიზისი შექმნა საზღვრისპირა მნიშვნელოვან მუნიციპალიტეტში, აქედან, ამ ტერიტორიიდან, სულ რაღაც, რამდენიმე კილომეტრში არის საქართველო-თურქეთის საზღვარი. არ შეიძლება ასე უპასუხისმგებლოდ განკარგო უზარმაზარი ტერიტორიები, რომელიც, პირიქით, უნდა იყოს, საზღვრის, ეკონომიკის, დემოგრაფიის და ეროვნული უსაფრთხოების მთავარი ინტერესი.

ჩვენ, „ძლიერი საქართველო – ლელო“ გავაგრძელებთ ბრძოლას, ვიდრე არ მივაღწევთ ამ ხელშეკრულების, იმ პირობების გასაჯაროებას და მიწოდებას საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელიც დარწმუნებულები ვართ, რომ არის ანტისახალხო, ანტისახელმწიფოებრივი და მორგებული მხოლოდ ერთ კაცს – ბიძინა ივანიშვილს და მის არაქართულ „ოცნებას“, – განაცხადა კუპრაძემ.

მსგავსი