ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
ირაკლი კობახიძემ შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ახლად დანიშნული შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

მთავრობის მეთაურმა შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გეკა გელაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.

„ძალიან დიდი მადლობა გეკა გელაძეს გასული არასრული ერთი წლის განმავლობაში გაწეული ძალიან დიდი სამუშაოსთვის, რომელმაც გარდამტეხი ცვლილებები მოგვიტანა დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. ეს 11 თვე იყო გამორჩეულად წარმატებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვილი სხვადასხვა მიმართულებით და ფუნდამენტურად შევძელით ვითარების შეცვლა. იყო პრობლემები კრიმინალის, ნარკოტიკული დანაშაულის, ორგანიზებული დანაშაულის კუთხით. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან ხელშესახები, ფუნდამენტური შედეგები. მინდა, მას და მის გუნდს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გეკა გელაძე იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც ამ პერიოდის განმავლობაში შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სულხან თამაზაშვილის სახით ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი ეყოლება.

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე მან შეძლო ფუნდამენტურად ცვლილებების განხორციელება, მართვის სისტემის მოწესრიგება, ძალიან ბევრ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი. ეს ნიშნავს, რომ, გარდა იმისა, რომ სულხან თამაზაშვილი არის ძალიან წარმატებული, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის წარმომადგენელი, ის არის მრავალმხრივი ადამიანი. ამის გამოხატულებაა წარმატებები, რომლებიც ჰქონდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საფუძვლიანი მოღვაწეობის მანძილზე. მისი სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი. დარწმუნებული ვარ, დიდი წარმატებით გაგრძელდება ის გზა, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ჩაეყარა საფუძველი და სულხან თამაზაშვილის სამომავლო საქმიანობა იქნება საფუძველი იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც მიაღწევს ძალიან დიდ წარმატებებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძემ სახელმწიფოს სიძლიერესა და სიმტკიცეში სამართალდამცავი უწყებების როლს გაუსვა ხაზი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.