ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა
ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი შეაჯამა

ფრანგ კოლეგებთან ყურადღება გავამახვილეთ ძირითად საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საფრანგეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი ფრანგი კოლეგებისთვის, მეგობრებისთვის გაგვეზიარებინა ჩვენი დამოკიდებულება, მიდგომა საგარეო პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებდით ჩვენს ძირითად საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, მათ შორის არის ევროკავშირში და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში, ნატო-ში ინტეგრაცია.

ჩვენ ავუხსენით ფრანგ კოლეგებს, რომ ეს არის ჩვენი ცივილიზებული და ღირებულებითი არჩევანი. სწორედ ამიტომ არის ჩვენი პოლიტიკა ამ კუთხით თანმიმდევრული. ასევე, ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ფრანგების, საფრანგეთის თანადგომა საქართველოს მიმართ სწორედ ამ მიმართულებით და ბუნებრივია, ორმხრივი თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსაც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად საფრანგეთს 14 იანვარს ეწვია.