საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლინას ლინკევიჩუსს შეხვდა.
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა საქართველოსთან მჭიდრო კავშირების შესახებ ისაუბრა.
„ეს არ არის პირველი შეხვედრა და პირველი მსჯელობა. ჩვენ რეგულარულად ვხვდებით ერთმანეთს. არ არის საჭირო ახლიდან დაწყება, ვაპირებთ გავაგრძელოთ ეს მჭიდრო თანამშრომლობა რაც უნდა შეიცვალოს ხელისუფლებები, პარლამენტები, ეს თანამშრომლობა იქნება მჭიდრო. ჩვენი მიზანი უცვლელია. ეს არის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ამბიციები ევროკავშირისა და ნატო-ს მიმართულებით.
ვაფასებთ ნაბიჯებს სწორი რეფორმების მიმართულებით. ჩვენ ყოველთვის გვაქვს ჩვენი მოსაზრებები პრობლემებსა და გამოწვევებზე. ეს ზუსტად ასევე გაგრძელდება. ასე რომ, ჩვენ ვისაუბრეთ ამ ჭრილში, დაპირება მივიღეთ პარლამენტის თავმჯდომარისგან, რომ ისეთივე შემართებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“, – განაცხადა ლინას ლიკკევიჩუსმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოს დიდი მეგობარი და მხარდამჭერია.
„ის ხშირად სტუმრობს საქართველოს, ხშირად გვაქვს მასთან საუბრის საშუალება. მადლობა გადავუხადეთ მას მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ. გვქონდა ორმხრივ თანამშრომლობაზე საუბარი, ასევე ნატო-ში, ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ასევე, ხაზი გავუსვით იმას, რომ ლიეტუვის მხარდაჭერას ენიჭება ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა. რაც შეეხება ევროპარლამენტის არჩევნებს, ბუნებრივია, რომ ეს გავლენას არ იქონიებს იმ პროცესებზე, რომელიც არის დაკავშირებული საქართველოს ინტეგრაციასთან კავშირში. გაგრძელდება ჩვენი ძლიერი ძალისხმევა, რომ მივაღწიოთ დასახულ მიზანს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძალისხმევით საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.