ირაკლი კობახიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო
ირაკლი კობახიძემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 1989 წლის 9 აპრილს სამშობლოს თავისუფლებისთვის ტრაგიკულად დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი ყვავილებით შეამკო.

რუსთაველის გამზირზე ირაკლი კობახიძე პარტიის გენერალურ მდივან კახა კალაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად იმყოფებოდა.

9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.