ირაკლი კობახიძე - ზუგდიდში 1 700 დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს, ეს მნიშვნელოვანი სოციალური პროექტია და არის ზრუნვის გამოხატულება დევნილი თანამოქალაქეების მიმართ
ზუგდიდში 1 747 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს.
მშენებლობის მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გაეცნო.
„დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ, აქ ჩავაგდეთ კაფსულა, დაიწყო დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რომლებიც უკვე აშენებულია. დარჩენილია შესაბამისი სამუშაოები და დაახლოებით ერთ წელიწადში ამ კორპუსებში 1 700-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი და ესეც არის სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, განსაკუთრებით, ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების მიმართ“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პროექტის ფარგლებში შენდება შვიდი კორპუსი, რომელთაგან ორი კორპუსი დასრულებულია, ხოლო სამ კორპუსში სრულდება შიდა სამღებრო და მოპირკეთების სამუშაოები. განსახლების პროგრამა მშენებლობის დასრულების შემდეგ გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.
დევნილ ოჯახებს ზუგდიდში ბინები დასრულებული რემონტით 2027 წელს გადაეცემათ.