ირაკლი კობახიძე - ზოგადი განცხადების ნაცვლად, სასურველი იქნებოდა, უცხოელ პარტნიორებს პირდაპირ ეთქვათ, რომ ემიჯნებიან მაგალითად, გიგაურის, ლომჯარიას, უსუფაშვილის, მარგველაშვილისა და სხვების განცხადებებს
ირაკლი კობახიძე - ზოგადი განცხადების ნაცვლად, სასურველი იქნებოდა, უცხოელ პარტნიორებს პირდაპირ ეთქვათ, რომ ემიჯნებიან მაგალითად, გიგაურის, ლომჯარიას, უსუფაშვილის, მარგველაშვილისა და სხვების განცხადებებს

თუ ეს არის რუსული დეზინფორმაცია, გამოდის, რომ გიგაური, ლომჯარია, უსუფაშვილი, მარგველაშვილი, ჭიაბერაშვილი და ა.შ. ესენი ყველანი ყოფილან რუსეთის აგენტები, ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველომ ამ შანსით უნდა ისარგებლოს, ამ აზრს ამწიფებენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, რომლის თანახმადაც: „საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის განცხადებით, 100 პროცენტით რუსული დეზინფორმაციაა, რომ აშშ-ს სურს, საქართველო ჩაერთოს ომში. რატომ ჩათვალა საჭიროდ კელი დეგნანმა ამ განცხადების გაკეთება?“.

კობახიძის განმარტებით, ზოგადი განცხადების ნაცვლად, სასურველი იქნებოდა, უცხოელ პარტნიორებს პირდაპირ ეთქვათ, რომ ემიჯნებიან აღნიშნული პირების განცხადებებს.

„თუ ეს არის რუსული დეზინფორმაცია, აი, მაგალითად, აქ მაქვს გიგაურის, ლომჯარიას განცხადება, უსუფაშვილის, მარგველაშვილის, ჭიაბერაშვილის, ვახო სანაიას განცხადება, კონკრეტულ მედიაში გაშვებული სიუჟეტი, პაატა ზაქარეიშვილის განცხადება და ა.შ. გამოდის, რომ ესენი ყველანი ყოფილან რუსეთის აგენტები. ისინი პირდაპირ საუბრობენ იმაზე, რომ საქართველომ ამ შანსით უნდა ისარგებლოს და ამწიფებენ ამ აზრს, მათ შორის ისინი, ყოველ შემთხვევაში მათი ნაწილი, ენჯოები ფინანსდებიან იმ წყაროებიდან, რაც შემდეგ ამ ეჭვებს აღრმავებს, ეს ძალიან სამწუხარო მოვლენაა. აქედან გამომდინარე, ზოგადი განცხადების გაკეთების ნაცვლად, სასურველი იქნებოდა, ჩვენს უცხოელ პარტნიორებს პირდაპირ ეთქვათ, რომ ემიჯნებიან მაგალითად, გიგაურის განცხადებას, ემიჯნებიან ლომჯარიას განცხადებას, უსუფაშვილის, მარგველაშვილის განცხადებას და ა.შ. ჩვენ უნდა მოვისმინოთ ასეთი განცხადებები დიპლომატების მხრიდან. ამ შემთხვევაში, მერწმუნეთ, არავის ექნება საბაბი, რომ ასეთ ინტერესებზე ისაუბროს. ექსპერტები გარკვეული ლოგიკით აწყობენ საკუთარ მოსაზრებებს და როდესაც გიგაური პირდაპირ ამას ამბობს, მას უჩნდება გარკვეული ეჭვები. ცალკე თემაა, ეს ეჭვები საფუძვლიანია თუ უსაფუძვლო, მაგრამ არავინ არ უნდა დატოვოს არავითარი შანსი ასეთი ეჭვების გასაჩენად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.