ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველზე იყო ზეწოლა, ოდირში ისეთი რამ გააგზავნინეს, რაც არ უნდა გაეგზავნა
ირაკლი კობახიძე - სახალხო დამცველზე იყო ზეწოლა, ოდირში ისეთი რამ გააგზავნინეს, რაც არ უნდა გაეგზავნა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირის დასკვნაში მითითებულია, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა მათი პრეროგატივა არ არის.

აქედან გამომდინარე, კობახიძის თქმით, ოპოზიციის პროექტის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით არანაირი მსჯელობა აღარ ყოფილა.

შესაბამისად, კობახიძის განმარტებით, ცალსახა ტყუილია ოპოზიციის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ოდირის დასკვნაში ე.წ. გერმანული მოდელი არის კონსტიტუციური.

„მოლდოვური მაგალითი არის აბსოლუტურად განსხვავებული. მე როცა ვსაუბრობ ტყუილებზე, ეს არის ტყუილები და არა მანიპულაცია. ანუ ისინი კი არ მანიპულირებენ, ტყუილებს ამბობენ. რაც შეეხება თვითონ კონსტიტუციურობის დადგენას, პირდაპირ წერია ის, რაც ვთქვი. მეორე აბზაცშივე წერია, რომ ჩვენი საქმე ვერ იქნება კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა. შესაბამისად, ქვემოთ არანაირი მსჯელობა არ არის ამ პროექტის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, როცა ოპოზიცია ამტკიცებდა იმას, რომ ოდირის დასკვნის თანახმად თურმე გერმანული მოდელი არის კონსტიტუციური, ეს არის ცალსახა ტყუილი. შეგიძლიათ წაიკითხოთ მეორე აბზაცი ამ დოუმენტში. შავით თეთრზე წერია ის, რაც არ შეიძლება, სხვანაირად წაიკითხო. ოდირის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ მისი პრეროგატივა ვერ იქნება კონსტიტუციურობის დადგენა. ბუნებრივია, ქვემოთ აღარანაირი მსჯელობა აღარ არის გაშლილი ამასთან დაკავშირებით. ოპოზიცია გვატყუებს, თითქოს ოდირმა დაადგინა კონსტიტუციურობა, რაც ცალსახად ტყუილია“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ეუთო/ოდირს ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი საქართველოს სახალხო დამცველმა გაუგზავნა.

ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ სახალხო დამცველი უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, ვინაიდან გააგზავნინა ის, რაც არ უნდა გაეგზავნა.

კობახიძის აზრით, სახალხო დამცველზე ზეწოლა განხორციელდა.

„ზეწოლა იყო სახალხო დამცველზე, ანუ არაკომპეტენტურობა გამოავლინა ოპოზიციამ, ისეთი რამ გააგზავნინეს სახალხო დამცველს, რომელიც არ უნდა გაეგზავნა და ეს მათ იცოდნენ, რადგან ჩამოსული იყო ვენეციის კომისიის მდივანი და თბილისში, ვდრე გაიგზავნებოდა ეს თხოვნა ოდირში, მანამდე ვენეციის კომისიის მდივანმა უთხრა პოზიციას, რომ ვერც ვენეციის კომისია და ვერც ოდირი პროექტის კონსტიტუციურობას ვერ დაგიდგენთო. ამის მიუხედავად, მაინც გააგზავნეს ეს თხოვნა ოპოზიციის წარმომადგენლებმა და პატარა ბავშვებივით ჩაიყენეს მძიმე მდგომარეობაში თავი. პირდაპირ შავით თეთრზე წერია ისეთი რამ, რაც ოპოზიციისთვის არის მძიმე მოსასმენი, რომ ერთადერთი, ვისაც შეუძლია პროექტის კონსტიტუციურობის დადგენა, არის ეროვნული საკონსტიტუციო სასამართლო. პატარა ბავშვივით რომ მიგანიშნებენ რაღაცაზე, ასეთი მინიშნებაა ჩადებული ოდირის დასკვნაში. შესაბამისად, ბუნებრივია, ოპოზიციის წარმომადგენლები არიან მძიმე მდგომარეობაში და ისინი თვლიან, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ტყუილი, თუმცა ტყუილი ვერ იქნება გამოსავალი“ ,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.