ირაკლი კობახიძე - ყველამ კეთილი უნდა ინებოს და წარმოადგინოს არგუმენტები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენი ღირსების საქმეა, რომ არგუმენტების გარეშე გადაწყვეტილება არ შეიცვალოს
ირაკლი კობახიძე - ყველამ კეთილი უნდა ინებოს და წარმოადგინოს არგუმენტები გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით, ჩვენი ღირსების საქმეა, რომ არგუმენტების გარეშე გადაწყვეტილება არ შეიცვალოს

ყველამ კეთილი უნდა ინებოს და წარმოადგინოს არგუმენტები კანონთან დაკავშირებით, ჩვენი ღირსების საქმეა, არგუმენტების გარეშე გადაწყვეტილება არ შეიცვალოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში ჟურნალისტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა.

კობახიძის თქმით, კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს, ყოველწლიური ანგარიშების დეკლარირებას.

„ჩვენ მზად ვართ, ღია, მათ შორის, თუნდაც საჯარო დისკუსიისთვის. ნებისმიერი, უცხოელი, ქართველი, ვინც არ უნდა იყოს, დაგვიჯდეს ტელევიზიების თვალწინ, კამერების თვალწინ საჯარო დისკუსიაში და ყველა ძალიან კარგად დაინახავს, რომ არგუმენტი არის ნული. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იქ, სადაც ერთადერთ რამეს ითვალისწინებს კანონი, ეს არის ყოველწლიური ანგარიშების დეკლარირება, როგორ შეიძლება, ვინმეს ჰქონდეს რაიმე არგუმენტი?

კეთილი ინებონ, შემოვიდნენ გახსნილ დისკუსიაში და რაიმე არგუმენტი თუ აქვთ, წარმოადგინონ. არგუმენტების გარეშე ჩვენ ვერავითარ ვალდებულებას ვერ ვხედავთ, რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღოთ იმისგან, რაც აქამდე გვაქვს მიღებული. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და წარმოადგინოს არგუმენტები კანონთან დაკავშირებით. არგუმენტების გარეშე, ჩვენი ღირსების საქმეა, გადაწყვეტილება არ შეიცვალოს. ეს არის ჩვენი ეროვნული ღირსების საქმე, სახელმწიფო სუვერენიტეტის საქმეა. როცა უარგუმენტოდ რაღაცას ითხოვენ და ამაზე რეაგირებ, ეს არის შეურაცხმყოფელი. ყველამ კეთილი ინებოს და წარმოადგინოს არგუმენტები.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სერიოზული პრობლემები ჩანს ევროპულ ბიუროკრატიაში, რაც გამოიკვეთა დღევანდელ მაგალითზე, თარჯიმნის მაგალითზე, სხვა კუთხითაც და იმედი გვაქვს, მომავალში პრობლემებსაც მოევლება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.