ირაკლი კობახიძე – ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა, წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა, ეს არის ზუსტად სააკაშვილის და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე

16:33, 10.10.2026

ჩვენ შეგვიძლია, მადლობა ვუთხრათ ამ სტატუსისთვის ბატონ სააკაშვილს, ეს არის ზუსტად მისი სახე და ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის სახე – ყველაფრის უკუღმა წარმოჩენა, წაგებული ომის მოგებულად წარმოჩენა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად აღნიშნა, რომელიც 2008 წლის ომზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას შეეხებოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ასეთი განცხადებები ცხადყოფს, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული მათი პოლიტიკა.

„თქვენ ძალიან კარგად იცით, რა მოხდა 2008 წელს, ორ დღეში წააგო სააკაშვილმა ეს ომი, მიუხედავად იმისა, რომ გმირულად იბრძოდნენ ჩვენი სამხედროები, ჩვენი ჯარისკაცები. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სამოქალაქო პირები ხელმძღვანელობდნენ მაშინ სამხედრო ოპერაციებს, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენეს მაშინ ქართულ ჯარს და გასაკვირი არ იყო, რომ ორ დღეში წააგო თავისივე დაწყებული
ომი მიხეილ სააკაშვილმა. ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, ყველაფერს ძალიან კარგად ცხადყოფს, ცხადყოფს იმას, თუ რამდენად სიყალბეზეა აგებული თავიდან ბოლომდე ამ კოლექტიური პოლიტიკური ძალის პოლიტიკა, მათი განცხადებები,“- აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „სიმართლე, რომელსაც ამდენი წელი გიმალავდნენ, არის ის, რომ 2008 წელს რუსეთი კატასტროფულად დამარცხდა“.

მსგავსი