ირაკლი კობახიძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარასდროს დაბრუნდეს ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა, რომლის შედეგიც იქნება კიდევ უფრო მძიმე ფორმით ისეთი მოვლენები, რაც 2008 წელს განვითარდა
ირაკლი კობახიძე - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ აღარასდროს დაბრუნდეს ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა, რომლის შედეგიც იქნება კიდევ უფრო მძიმე ფორმით ისეთი მოვლენები, რაც 2008 წელს განვითარდა

სინამდვილეში, საქართველოში ვიღაც ცდილობს, ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და დააბრუნოს ავტორიტარიზმი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში ავტორიტარიზმი, აგენტურის მმართველობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „დანიური დაფინანსებით კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა და ისევ გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის ბანერები. თქვენი აზრით, რეალურად, ეს ემსახურება თუ არა ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიას?“.

კობახიძის თქმით, საპარლამენტო არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო, უხეში საგარეო ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების ძალიან მკაფიო დარღვევა.

„ეს არის ძალიან სამწუხარო. კარგი ისაა, რომ გარე ჩარევა ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგებზე. ყველამ იცის, ვინ ვინ არის, რას ემსახურება, მათ შორის, ასეთი ტიპის გარე ჩარევები. როდესაც დემოკრატიის ფესტივალს უწოდებ ღონისძიებას, სადაც გამოფენილია სააკაშვილის სურათები, იქ ნათელია, რომ სინამდვილეში საქართველოში ვიღაც ცდილობს, ჩაატაროს ავტორიტარიზმის ფესტივალი და საქართველოში დააბრუნოს ავტორიტარიზმი. ამ ავტორიტარიზმის შედეგი იყო, მათ შორის, 2008 წლის ომი. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავტორიტარიზმი აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, რათა აგენტურის მმართველობა აღარასდროს დაბრუნდეს საქართველოში, რადგან ავტორიტარიზმის და აგენტურის მმართველობის საბოლოო შედეგი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო მძიმე ფორმით ისეთი მოვლენების განვითარება, რაც საქართველოში 2008 წელს განვითარდა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, „თავისთავად ის ფაქტი, რომ დანიური მხარე პირდაპირ აფინანსებს ავტორიტარიზმის ფესტივალს და ამ კუთხით აფინანსებს საარჩევნო პროცესს, საარჩევნო კამპანიას საქართველოში, არის შემაშფოთებელი“. კობახიძის თქმით, იმსჯელებენ პროცედურებზე, რომლებიც ამასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული.