ირაკლი კობახიძე - ყველა რეფორმა, რომლებიც დღეს ჩვენი მხრიდან გაცხადდა, შექმნის ერთიან საფუძველს, რომ საქართველომ დასაბუთებული პრეტენზია წააყენოს ევროკავშირში წევრობაზე
ირაკლი კობახიძე - ყველა რეფორმა, რომლებიც დღეს ჩვენი მხრიდან გაცხადდა, შექმნის ერთიან საფუძველს, რომ საქართველომ დასაბუთებული პრეტენზია წააყენოს ევროკავშირში წევრობაზე

გავაცხადეთ ჩვენი ამბიციური მიზანი, რომ 2024 წლისთვის გავაკეთოთ უკვე ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ 2020 წლის საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.

„წარვადგინეთ სრულფასოვანი ანგარიში, რომელიც სახეზეა. ციფრები შთამბეჭდავია. ჩვენ გვაქვს ფუნდამენტური წინსვლა აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, იქნება ეს დემოკრატიული, ეკონომიკური, სოციალური განვითარება, თუ საგარეო პოლიტიკური კუთხით ჩვენი პოზიციების განმტკიცება. ჩვენი პროგრამა არის იმის გარანტია, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ეს ყველაფერი იქნება კიდევ უფრო შთამბეჭდავი. გავაცხადეთ ჩვენი ამბიციური მიზანი, რომ 2024 წლისთვის გავაკეთოთ უკვე ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ყველა ის რეფორმა, რომლებიც ჩვენი მხრიდან იქნა დღეს გაცხადებული, შექმნის ერთიან საფუძველს, რომ საქართველომ უკვე დასაბუთებული პრეტენზია წააყენოს ევროკავშირში წევრობაზე. ეს არის ჩვენი კონსტიტუციური ამოცანა, ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი და დარწმუნებულნი ვართ, რომ ამ მიღწევებით აუცილებლად გავხდებით ევროკავშირის და ზოგადად, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.