ირაკლი კობახიძე - ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, რათა არა მხოლოდ წარსულ შესაძლო დანაშაულებს ჩავეძიოთ, არამედ, პირველ რიგში, სამომავლოდ აღმოვფხვრათ კორუფციული ქმედება
ჩვენი მიზანი მხოლოდ ის არ არის, რომ წარსულში ჩადენილი კორუფციული დანაშაულები გამოვავლინოთ, ჩვენი მთავარი მიზანია, აწმყოსა და მომავალში არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები. ამისათვის მობილიზებულია ყველა სტრუქტურა, მათ შორის, სამართალდამცავი სტრუქტურები – შსს, ფინანსური პოლიცია, პროკურატურა და ა.შ. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, ამ მიმართულებით ხელისუფლება მოქმედებს პრევენციულად.
„შარშან, თებერვალში დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა და შარშანდელი წელი იყო საკმაოდ რთული, მათ შორის, საარჩევნო წელი იყო, გვქონდა უამრავი გამოწვევა, გარედან ხელოვნურად შექმნილი პრობლემები, გვქონდა საკადრო მიმართულებითაც გარკვეული ხარვეზები და ეს ყველაფერი დავალაგეთ. შარშანდელი წელი გავიარეთ წარმატებით. რთულად, მაგრამ წარმატებით. ამან მოგვცა საშუალება, წელს ძალიან ბევრი რამ გადაგველაგებინა. მათ შორის, შეგახსენებთ, რომ არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა, მათ შორის, ძალოვანი სტრუქტურების მიმართულებით და ამ საკადრო ცვლილებებმაც მოგვცა საშუალება, რომ გამოგვევლინა არაერთი კორუფციული შემთხვევა. ასევე, ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას, პრევენციულად ვიმოქმედოთ. ჩვენი მიზანი მარტო ის არ არის, რომ წარსულში ჩადენილი კორუფციული დანაშაულები გამოვავლინოთ, ჩვენი მთავარი მიზანია, ახლა არ დავუშვათ, აწმყოსა და მომავალში არ დავუშვათ მსგავსი ფაქტები. ამისთვის მობილიზებულია ყველა სტრუქტურა, მათ შორის, სამართალდამცავი სტრუქტურები – შსს, ფინანსური პოლიცია, პროკურატურა და ა.შ. ასევე, მთავრობის ადმინისტრაციაში გავაძლიერეთ ეფექტიანობის დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი, ყველა მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ, რათა არა მხოლოდ წარსულ შესაძლო დანაშაულებს ჩავეძიოთ, არამედ, პირველ რიგში, სამომავლოდ აღმოვფხვრათ ნებისმიერი კორუფციული ქმედება. წარსულში რაც იყო, ის უნდა გამოვლინდეს, მომავალში არ უნდა დავუშვათ კორუფციული შემთხვევები, მაქსიმალურად ვიზრუნებთ ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.