ირაკლი კობახიძე – ყველა მცდელობა, საქართველოში ხელოვნურად მოეწყოთ რევოლუცია, წარუმატებლად დასრულდა და ასე იქნება მომავალშიც
ყველა მცდელობა, საქართველოში ხელოვნურად მოეწყოთ რევოლუცია, წარუმატებლად დასრულდა და ასე იქნება მომავალშიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
კობახიძის თქმით, ოპოზიცია გარე სუბიექტების კარნახით მოქმედებს.
„მათ რამდენჯერმე სცადეს ქართველი ხალხის მოტყუება, თუმცა ვერცერთხელ ვერ მოატყუეს. საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეიყვანეს შეცდომაში, როდესაც, მაგალითად, 2022 წლის ივნისში არ მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, შემდეგ როდესაც „გამჭვირვალობის კანონი“ გამოაცხადეს „რუსულ კანონად“, ერთხელ, მეორედ. შემდეგ უკვე როდესაც 2024 წლის არჩევნები რეალურად არ აღიარეს და ამის შემდეგ მათ მიერვე შეჩერებული ევროინტეგრაციის პროცესი ჩვენ მიერ შეჩერებულად გამოაცხადეს. და შემდეგ, როდესაც ღიად დაუჭირეს მხარი 2025 წლის 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობას. ვერცერთ ჯერზე მათ ვერ შეძლეს ქართველი ხალხის მოტყუება და ასე იქნება მომავალშიც. შესაბამისად, მათ, რა თქმა უნდა, უნდა გადახედონ საკუთარ პოლიტიკას. თუმცა აქაც მთავარი პრობლემა არის, რომ ისინი მოქმედებენ არა სუვერენულად, არამედ გარე სუბიექტების კარნახით“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.